6-11-2020
რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს ოპოზიციაც და ის ადამიანებიც, რომლებმაც მათ ხმა მისცეს და მმართველი ძალის პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ სწორედ ის გზები და ის სიტყვები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად მოვუაროთ ქვეყანას და ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა მიმდინარე კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მარტივი ელემენტარული ფასეულობები და პლატფორმა, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს არის ის, რომ ყველამ ერთად უნდა შეიტანოს წვლილი ვირუსთან ბრძოლაში და არა ვირუსის გავრცელებაში.
„ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში და არა ეკონომიკური კრიზისის გავრცელებაში. ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ დღეს, კრიზისისა და რეგიონში მწვავე კონფლიქტის პირობებში, რომელიც ტურბულენტობას ისედაც ზრდის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და არა დასუსტებაში და ეს ის პლატფორმაა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკოთ. ეს არის ის პლატფორმა, რაზე სასაუბროდაც დავალება მოგვცა ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზი არის ერთადერთი - სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვაპატიებთ. ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.