10-11-2020
„არსებობს კანონი, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციას უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ გასათბობად შეუძლიათ ელექტრო საშუალებები მიიტანონ.
„ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არაერთი გამოცდილება გვაქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არაერთხელ, შეშა გამოყენებულ იქნა ძალადობის საგნად, იმისთვის, რომ დაეზიანებინათ პოლიციელები. დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითიც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციას უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ, რომ შეუძლიათ მოიტანონ ელექტრო საშუალებები და გათბნენ. რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს, პირადად მე, არაერთხელ განვუმარტე ის, რაც მოგახსენეთ, ასევე, პოლიციელები მოუწოდებდნენ მას, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩვენს მიმართ. შესაბამისად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით“- განაცხადა ვაჟა სირაძემ.