19-04-2018
„საქართველო მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იშვიათი პოლიტიკური თავისუფლებით გამოირჩევა, უკვე დაიწყო ფარული ბრძოლა მომავალი გამარჯვებისათვის“, - ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემის «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოს ამებებია განხილული.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს:
მოსახლეობის ყურადღების მიპყრობის მიზნით პირველ რიგში საბანკო სფერო იქნა არჩეული - თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ბანკები მოქალაქეებს. ცოტა გასაკვირიც კი არის, თუ რატომ გახდა ბანკების საქმიანობა საინტერესო როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციისათვის: ორივე მძაფრ გამონათქვემებს არ იშურებს, ორივე გმობს მაღალ პროცენტებს და მოსახლეობას პირდებიან, რომ ამ „უსამართლობას წერტილს დაუსვამენ“.
განსაკუთრებით მრისხანე და მკვეთრი განცხადება გააკეთა ჰოლანდიაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა (ფეისბუქის მეშვეობით), რომელმაც პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას საბანკო ოლიგარქიისაგან გაათავისუფლებს. მიხეილ სააკაშვილმა ქართველების გაღარიბებაში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა, რომელსაც „მთელი ქვეყანა ჯიბეში აქვს ჩადებული“. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს საქართველოს არაფორმალურ მმართველად ითვლება, ქვეყნის ხელისუფლებაში დანიშნა ისეთი ადამიანები (პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ჩათვლით), რომლებიც ადრე მისსავე ბანკ „ქართუ“-ში მუშაობდნენ. „დღევანდელი ბანკები საქართველოს მოსახლეობის სისხლს სვამენ და ქვეყნის ეკონომიკას ანგრევენო“, - ბრძანა ჰოლანდიიდან ექს-პრეზიდენტმა. მან ციფრები მოიშველია და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს საბანკო სფეროს აქტივები სამჯერ გაიზარდა: „გამეხარდებოდა, რომ ბანკების გამდიდრება ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ფონზე მომხდარიყო, მაგრამ პირიქით ხდება“, - აღნიშნა საქართველოს ექს-მეთაურმა და დააკონკრეტა, რომ მოსახლეობის გაძარცვაში ხელი მოითბო „საქართველოს მთავარმა მევახშემ“ ბიძინა ივანიშვილმაო.
თუმცა, რასაკვირველია, შეიძლება კითხვა გაჩნდეს: განა ბანკები მიხეილ სააკაშვილის მმართველოს დროს სხვაგვარად იქცეოდნენ?
ექს-პრეზიდენტმა თავის მიმართვაში, შეიძლება ითქვას, ძალზე ნეგატიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა, მწვავედ გააკრიტიკა საპენსიო რეფორმა... მოკლედ, მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მაფიოზური ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანის დასასრული უნდა დადგეს“.
მოულოდნელად ბანკების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა მთავრობაც: ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც „ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ ჩინოვნიკად“ ითვლება, განაცხადა, რომ ქართული ბანკები საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებენო (კრედიტები მაღალი პროცენტით გაიცემაო) და მოსახლეობას საბანკო სფეროს რეფორმირებას დაპირდა.
თუმცა, ექსპერტების თქმით, საქართველოს საბანკო სფერო ხელისუფლებისაგან არასდროს თავისუფალი და დამოუკიდებელი არ ყოფილა. კრედიტებისა და სესხების პროცენტები ყოველთვის მაღალი იყო და დღესაც რეგიონში ისევ ერთ-ერთი მაღალი რჩება. ქართველი პოლიტიკოსები და მმართველები საბანკო პროცენტებს და გაღატაკებულ მოსახლეობას მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როცა მორიგი არჩევნები ახლოვდება ხოლმე და „ახალი ინიციატივებით“ და უხვი დაპირებებით ცდილობენ თავიანთ მხარეზე რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი გადაიბირონ.