11-11-2020
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული ააქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პომპეოს ვიზიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსებს განკარგავს, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი - 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება.
ამის შესახებ ხელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს შევეხებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემებს , კერძოდ, ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას.
ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი - ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ხოლო მეორე საკანონმდებლო ორგანოსგან, სენატიდან. უკვე გაიგებდით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოში შედგება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი. ეს ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას.
ბატონი პომპეოს ვიზიტის მიზანია, მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში და ასევე მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გარკვეული მოვლენების პარალელურად. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების გამოვლინება იყო ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც დიპლომატიურ მხარდაჭერაში, ასევე პოლიტიკურ, უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერაში და ამ მხარდაჭერის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოში სტაბილურობის და დემოკრატიის განვითარება.
კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსებს განკარგავს, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი - 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება. ჩვენ ამ დახმარებას, ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო - უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში და მეორე, ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე.
აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ - გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით, ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში, ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, სენატი ამ შემთხვევაში , არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას.
ჩვენი პარტიის და ქართველი ხალხის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ გულუხვი დახმარებისათვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის" - განაცხადა ხელაშვილმა.