1–ლი მაისიდან თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კანონით განსაზღვრული ცალკეული ადგილებისა. აკრძალვები სრულად შეეხება ქვეყანაში მოქმედ კლუბ-რესტორნებს.
კლუბების შემთხვევაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიკვეთა. ზოგიერთი კლუბი კანონის შესაბამისად 1-ლი მაისისთვის ღია სივრცეს, ზოგიერთი კი თამბაქოს მოხმარების დაშვების მოთხოვნით, პეტიციას ამზადებს.
კლუბ-რესტორნების მფლობელები იმედებს ისევ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ამყარებენ.
საინტერესოა რას ფიქრობენ მოქალაქეები ახალი კანონის შესახებ.
„პირველმა“ მწეველი და არამწეველი მოქალაქეები გამოკითხა, რა დროსაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეების ის ნაწილიც კი, რომელიც არამწეველია, მიიჩნევს, რომ კლუბებისთვის კანონი მეტისმეტად მკაცრია და მისი დაცვა გაჭირდება. გამოკითხულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დახურულ სივრცეებში მოწევის სრულ აკრძალვას აღფრთოვანებული ხვდებიან:
ინგა მურუსიძე, 29 წლის არამწეველი
-არამწეველი ვარ და ცალსახად მინდა, რომ მოწევა ყველგან აიკრძალოს. ნებისმიერ დახურულ სივრცეში უნდა მქონდეს უფლება, ვისუნთქო!
მეგი რიჟამაძე, 28 წლის არამწეველი
-მივესალმები დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას და მოუთმენლად ველოდები კანონის აღსრულებას. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ გადაგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, თავად მწეველებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან!
გიორგი მესხი, 26 წლის არამწეველი
-არასასიამოვნოა, როცა არამწეველი ხარ და თამბაქოს კვამლი საიდანღაც მოდის, ან შენს მაგიდასთან ეწევიან, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, კლუბ-რესტორნებს ჰქონდეთ გამწოვების დაყენების შესაძლებლობა. თუმცა, სრულ აკრძალვაშიც განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ვხედავ, გარეთ მოწიონ!
ირმა ელბაქიძე, 35 წლის არამწეველი
-დახურულ შენობებში თამბაქოს აკრძალვა კარგი აზრია. ან არამწეველებისთვის ცალკე ტერიტორია უნდა გამოიყოს ყველგან. დღეს ყველა დაწესებულებას არ აქვს მწეველთა და არამწეველთა სივრცე გამიჯნული!
კახა ნოზაძე, 35 წლის მწეველი
-ჩემი აზრით, ცალკე უნდა იყოს რესტორნებში ადგილი, საერთო სივრცეში არ უნდა ეწეოდნენ.
კლუბი ცოტა რთული თემაა, კლუბში თამბაქოს გარეშე ძნელია ყოფნა. თანაც, ცალკე სივრცის შექმნაც რთულია. კლუბი ისედაც უფრო მეტად თავისუფლებაზე, გაბრუებასა და გულაობაზეა გათვლილი!
გიორგი ჩხიტუნიძე, 28 წლის მწეველი
ტექნო კლუბში ხალხი არ ეწეოდეს, მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკაში არ არსებობს.ნებისმიერს შეუძლია კართან გამოსვლა და იქ მოწევა, მაგრამ კლუბის შემთხვევაში ეს პრობლემურია, რადგან ამდენ ხალხს ერთად „ჰოლი“ ვერ დაიტევს და ქაოსი იქნება. კლუბში მოწევა აკრძალო, იგივეა, კლუბი დახურო!
ლინკა რამიშვილი, 35 წლის მწეველი
-თამბაქოს მოწევის ყველგან აკრძალვით ძალიან ცუდი რამ მოხდება იმიტომ, რომ მე, როგორც მწეველი, მიმაჩნია, სადაც არ უნდა მივიდე, პატარა სივრცე მაინც უნდა იყოს გამოყოფილი, სადაც შევძლებ მოწევას. მესმის, რომ არამწეველების უფლებები ირღვეოდა აქამდე, მაგრამ ამიერიდან დაირღვევა ჩემი უფლებაც. კლუბში მისულს არ უნდა მიწევდეს ძებნა ადგილის, სად შეიძლება მოვწიო. კლუბში აუცილებლად მიწევს მოწევა და მინდა მოწევა, იგივენაირად რესტორანში. კაფე-ბარში ყავაზე რომ შევდიოდი, შეიძლება, აღარ შევიდე, თუ არ იქნება ლოკაცია, სადაც შეიძლება რომ მოვწიო!
მამუკა კუსიანი, 48 წლის მწეველი
-სიტუაცია უნდა დარეგულირდეს ისე, რომ თვითონ კლუბის მეპატრონეს ჰქონდეს საშუალება, გადაწყვიტოს, იყოს თუ არა მწეველებისთვის განკუთვნილი ადგილი, ან მთლიანად იყოს თუ არა მწეველებისთვის თავისუფალი. როგორც მოწევის აკრძალვა აზარალებს ამა თუ იმ დაწესებულებას, მათ შორის რესტორანს თუ ბარს, იგივენაირად აზარალებს, თუ იქნება მწეველებისთვის განკუთვნილი, რადგან არამწეველი იქ აღარ შევა. ლოგიკა ასეთია, მაგრამ რეალურად უნდა იყოს თავისუფლება, თვითონ აირჩიოს, იყოს თუ არა მწეველებისთვის განკუთვნილი, რომ არ დაირღვეს ჩვენი-მწეველების უფლებებიც!
1-ლი მაისიდან შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, იურიდიული პირის შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი 50 ლარიდან დაიწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარების გამო, ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება. დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი ე.წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% ქალებზე მოდის!