20-11-2020
21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. ქუთაისში ასევე გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები.
21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.
„პანდემიის მიუხედავად არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, ვინაიდან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის განსახორციელებლად ესაჭიროება. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე, მათ უზრუნველყოფენ პირბადით; მათ ასევე გადაეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრები“,- განაცხადა პრეს-სპიკერმა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც სადამკვირვებლო ისე მედიაორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე მედიას შეეძლო წარმომადგენლების სიებში ცვლილების შეტანა. შესაბამისად, 21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.
ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი.
„მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი“,-აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
21 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.
დილის 07:00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.
„ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ასევე მივმართავ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, -განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.