21-11-2020
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად.
"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც.
ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.
აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი"- განაცხადა მდინარაძემ.