გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტურში სადეპუტატო მანდატი „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა

21-11-2020

"როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.

ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.

შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 მანდატი, ევროპული საქართველო - 5 მანდატი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი - 4-4 მანდატი, მოქალაქეები - 2 მანდატი, ლეიბორისტული პარტია - 1 მანდატი.

შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას.

ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს" - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930