24-11-2020
მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში 160 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (56.3 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის (15.0 პროცენტი) რეგიონში, ქ. თბილისში (8.1 პროცენტი), აჭარის (6.3 პროცენტი), ქვემო ქართლის (5.0 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (3.8 პროცენტი), იმერეთის (3.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (1.3 პროცენტი) და გურიის (1.3 პროცენტი) რეგიონებში:
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 487 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 462 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1696 კაცით განისაზღვრა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 13.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.0 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 9.3 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 5.4 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 62.7 მლნ. ლარის ღირებულების (16.2 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.7 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ - 34.8 პროცენტი. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 64.5 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (42.2 პროცენტი), თევზეული (27.8 პროცენტი) და პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (22.8 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 67.2 პროცენტს, აგვისტოში - 63.2 პროცენტს, ხოლო სექტემბერში - 52.3 პროცენტს.