გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო უწყება: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცება დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს

25-11-2020

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას" - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930