25-11-2020
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ა.გ.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან თ.პ.-სთან მიახლოვება, მივიდა მასთან სამსახურში სუპერმარკეტ ,,კარფურში“ და თ.პ.-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკანცელარიო დანით სახისა და ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლების აქტიურობის შედეგად ა.გ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
სამართალდამცველებმა ა.გ. 2020 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პრიმა ქვეპუნქტით, ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და არაერთგზის) წარედგინა.
ბრალდების მხარე ა.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ქალთა მიმართ და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ პროკურატურა აგრძელებს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით:
ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ;
გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;
ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია - 94%, ხოლო დაკმაყოფილებულია- 54%.