გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელა

25-11-2020

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მიზანია, ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას არ გამოიწვევს, თუმცა ვირუსის გავრცელების შეზღუდვას და ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალებში არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დამატებითი რესურსების, მათ შორის რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მობილიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 114 889 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 95 581 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1085 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2071 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3723 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6145 პირი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930