26-11-2020
ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღონისძიებების მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ამან თავის მხრივ უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.
„დღეს ქვეყანაში კეთდება 15-16 თასი ტესტი, ყველაფერთან ერთად შემუშავებულია აბსოლუტურად ახალი კლინიკური მართვის გეგმა. რამდენიმე ახალი კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში, რომელიც შეიქმნა ზაფხულის პერიოდში - ბათუმის ინფექციური, რუხის კლინიკა და სხვა. თუ პირველი ტალღის დროს კოვიდის მართვის პროცესში ჩართული იყო 5 კლინიკა, დღეს ჩართულია 80-ზე მეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის კლინიკური მართვის ახალი გეგმა, როდესაც ჩვენს ექიმებს დღეს უფრო ბევრი ცოდნა აქვთ, როგორ უნდა მართონ კოვიდი. ამიტომ, ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება და ვთქვით, რომ ადაპტაცია, ეს არის ოპტიმალური სტრატეგია, რომ ჩვენნაირი ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის.
„ჩვენი მიზანია, შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიადგეს. ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში მოგვიწია შესვლა და ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ერთეული ქვეყნებია, განსაკუთრებით ევროპაში, რომლებმაც მსგავსი მასშტაბური არჩევნები ჩაატარეს“, - განაცხადა გორგი გახარიამ.