26-11-2020
მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც პირველი ტალღის დროს ძალიან კარგად იმუშავა - ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჯერადაც დაახლოებით იგივე რიცხვი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. ეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც ეს იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა. გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. გარდა ამისა, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება.