გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

27-11-2020

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.

ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ. მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.
ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების - Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა.
ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031