გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

21-04-2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს, რობერტ ბლაუს (Robert Blau) შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სექტორს და მისი გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომლის საფუძველზეც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებაა შესაძლებელი.

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა საქართველოში დააფინანსა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რასაც ამჟამად ერთობლივად ვახორციელებთ, არის განათლების რეფორმა, რომელიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს დამატებითი დაფინანსება, რათა რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს საქართველოდან, შეეძლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე სწავლის გაგრძელება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში განათლების სისტემის რეფორმას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930