1-12-2020
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3%-ს.
2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 68.6 მლრდ ლარამდე.
2020 წელს, მიმდინარე პანდემიის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით დეფიციტი 2.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდა. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, 2020 წლის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ გაიზრდება მშპ-ის 9.1%-მდე გაიზრდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფიციტი, რომელიც ეყრდნობა GFSM 2014 კლასიფიკაციას - არის 7.5%)
აღსანიშნავია, რომ საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის.
2021 წლის ბოლოსათვის, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით; მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.
ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა (210.0 მლნ ლარი), ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა. წარმოდგენილ ბიუჯეტში ასევე ასახულია COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები (მშპ-ის 1.7%).
შესაბამისად, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1% (2020 წელს პანდემიის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი შეადგენს 26.2%-ს). საშუალოვადიან პერიოდში ხარჯები შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში.
რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს - 2019-2020 წლებში დაწყებული ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლიდან გამომდინარე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება, 2021 წელს კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 7.9 %-ს შეადგენს. ამავე დროს, დეფიციტის შემცირების პარალელურად, მომდევნო წლებშიც სასურველია კაპიტალური ხარჯები შენარჩუნდეს მშპ-ს 8%-იან ნიშნულთან ახლოს" - აცხადებენ სამინისტროში.