2-12-2020
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტს გააკეთებს, რასაც ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.
„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
ამ მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.