გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

2-12-2020

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით.

5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

5G მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირეები, საწყისი საფასური და სხვა პირობები კომუნიკაციების კომისიამ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტების ჩართულობით, ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა.

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაში 15 წლის ვადით გადაეცემა. დაფარვის ვალდებულებების შემუშავებისას კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელა. საკონსულტაციო დოკუმენტის თანახმად, კომპანიები ვალდებულები იქნებიან 2-7 წელიწადში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავენ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე, საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას.

იმისთვის, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად იყოს გაანალიზებული, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეებს და ტელეკომ ოპერატორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საკონსულტაციო დოკუმენტს და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930