გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს

5-12-2020

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ეს განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის საფუძველზე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მომდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივის დახურვის გამო. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია და ნეგატიურად აისახა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, განსაკუთრებით ახალგორსა და გალში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ პირობებზე. იმ ადამიანების დაღუპვა, რომლებსაც, 2019 წლის სექტემბრიდან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა წაერთვათ, არის კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაცია იმ მძიმე შედეგებისა, რომლებიც ადგილობრივი მოსახელობისთვის თავისუფლების შეზღუდვას მოჰყვება. ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარე თვითნებური დაკავებების, მათ შორის 2020 წლის 11 ივლისს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ სროლისა და დაჭრის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიეცეთ დაუყოვნებლივი წვდომა ყველა დაკავებულთან და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბ-ნი გახელაძე და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს (GID), როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფორმატს რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად. ვწუხვართ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე წელს არ ჩატარებულა არცერთი რაუნდი და მოვუწოდებთ შეხვედრების განახლებას თანათავმჯდომარეების მიერ დადგენილ თარიღებში. ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

გამოვხატავთ ჩვენ მხარდაჭერას ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ (Incident Prevention and Response Mechanisms (IPRMs)) და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე ადამიანების უვნებლობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას გალის IPRM-ის ხანგრძლივი შეჩერების გამო. ვაღიარებთ რა 2020 წლის ივლისში ერგნეთის IPRM–ის განახლებას როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე და მათი ფუნქციონირების მართვის მნიშვნელობას ფუძემდებლური პრინციპებისა და ძირითადი წესების სრული დაცვით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ურყევ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ანუ იმ ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიზირების, ან მასთან დაკავშირებული პროპაგანდის გავრცელებისგან, რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ღრმა შეშფოთებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსული სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და მილიტარიზაციის ზრდის გამო, მათ შორის „კავკაზ 2020“-ის სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ჩატარდა.

ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, წამების გამოყენების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების განადგურებისა და გადაადგილების თავისუფლებასთან, საცხოვრებელთან და ქონებასთან დაკავშირებული უფლებების უხეში დარღვევების გამო. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. ჩვენ მოვუწოდებთ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვას საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას, და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს აღმოფხვრას ნებისმიერი ის დაბრკოლება რომელიც ხელს უშლის დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ არსებულ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა; ამასთან, აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმები რუსეთის მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და მადესტაბილიზებელი კამპანიის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენდა.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და საქართველოთან მიმართებაში იკისროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას: ”ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პირველ წარმატებებს, მათ შორის მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და "საწარმო უკეთესი მომავლისთვის" საგრანტო პროგრამის დაწყებას, რამაც უკვე გამოიწვია ინტერესი და საზოგადოების ჩართულობა ადმინისტრაციული საზღვრის ყველა მხარეს. ჩვენ ასევე მივესალმებით სამშვიდობო ფონდის შექმნას უკეთესი მომავლისთვის და მხარს დავუჭერთ მის შემდგომ განხორციელებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძონ მუშაობა ეუთოსთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყონ ადგილზე ნდობის განმტკიცების ზომების განხორციელებას.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს მუდმივმოქმედი საბჭოს ინფორმირება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების შემდგომი გაღრმავების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად იფუნქციონირებს. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა განხორციელებაში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი განაგრძობს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას” - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930