გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
გოგო, რომელსაც 7 წლის ასაკში ოჯახის ორი წევრი თვალწინ მოუკლეს და სახლი მთლიანად გადაუწვეს

23-04-2018

აფრასიძეების გახმაურებული საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და პროკურატურა მალე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს. როგორც „პრაიმტაიმს“ საკუთარი წყარო უყვება, უახლოეს ხანში ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში რამდენიმე პირს მისცემენ. თავად აფრასიძეების ოჯახი მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში აღიარა, რომ აფრასიძეების განადგურების ბრძანება პირადად გასცა...

„მინდა, დავადასტურო, რომ მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურებისა. ერთი წამით არ ვნანობ. ეს იყო აფრასიძეების ბანდა, რომელიც მთელ სვანეთს აკონტროლებდა და რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო გამაგრებული მაღალ კოშკში. ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან გაიხსნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ ექსჰუმაცია ჩაუტარდა სოფელ ეცერში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ომეხ და ევგენი აფრასიძეების ცხედრებს, რომლებიც თბილისში სამხარაულის ექსპერტის ბიუროში გადმოასვენეს. პროკურატურა ექსპერტიზის შედეგების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა აფრასიძეების ოჯახში დაგვიდასტურეს, რომ ექსჰუმაცია ნამდვილად ჩატარდა, კვლევის მიზანს კი გარდაცვლილთა სხეულზე არსებული დაზიანებების შესწავლა წარმოადგენდა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურას უკვე ხელთ აქვს ამ საქმის მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნის სახით, თუმცა დასკვნა მოგვიანებით გასაჯაროვდება. ეს მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანო საქმეს გახსნილად გამოაცხადებს.


მანამდე კი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სპეცოპერაციის დროს დაკავებული გოჩა აფრასიძის ქალიშვილთან, ლედი აფრასიძესთან. ის იმ დროს სულ რაღაც შვიდი წლის იყო, თუმცა კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო შეიარაღებული შტურმი მათ საცხოვრებელ სახლზე. მაშინ, ლედის გარდა, სახლში კიდევ სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ასევე, გაგაცნობთ, რას ყვება შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც დღესაც დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაცია კანონის სრული დაცვით ჩატარდა და არა თუ დანაშაულს, არამედ გადაცდომასაც კი არ ჰქონია ადგილი. სანამ ამ ინტერვიუებს გაგაცნობთ, მანამდე მოკლედ შეგახსენებთ, როგორ განვითარდა მოვლენები 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში.


გულუას სპეცდანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სოფელ ეცერში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დილის 7:30 საათზე დაიწყო. პარალელურად საზოგადოებას აცნობეს, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების, ასევე, ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილმდებარეობის დადგენა-დაკავების მიზნით ხორციელდებოდა. საერთო ჯამში, სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო შსს-სა და უშიშროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა. აფრასიძეების ოჯახის ინფორმაციით, მათ იერიში ავიაციის გამოყენებითაც მიიტანეს. ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი იყო ჩართული.


სპეცოპერაციის დროს მოხდა ევგენი აფრასიძის ლიკვიდაცია, ასევე, მოკლეს მისი ერთ-ერთი ვაჟი ომეხ აფრასიძე, კიდევ ორი ვაჟი – გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. მათ მოგვიანებით 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ძმები აფრასიძეები 2013 წელს ამნისტიის შედეგად განთავისუფლდნენ.


„ცოცხლად დაწვეს ჩემი მეუღლე, მისი დამწვარი ძვლები კართან ეყარა, ეტყობა, გამოსვლას ცდილობდა… ომეხს კი ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. ჩემი რძალი იმ სპეცოპერაციის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა. წარმოუდგენელი სისასტიკით გაგვანადგურეს“, – იხსენებს ძმები აფრასიძეების დედა, დოდო აფრასიძე.


2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. დაკითხეს თავად დოდო აფრასიძეც, რომელიც ჩვენებას მთელი ექვსი საათის განმავლობაში აძლევდა. ჩვენი ინფორმაციით, ასევე, დაიკითხნენ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებიც, მათ შორის სპეცრაზმელები, თუმცა გამოძიებისთვის ჩვენება ჯერაც არ მიუცია შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რომელიც, აფრასიძეების თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას.


პროკურატურას ახლა, სულ რაღაც, 10 თვე აქვს დარჩენილი, რომ აფრასიძეების საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადოს, ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კი საქმე ხანდაზმულობის მიზეზით დაიხურება.


სწორედ ამიტომ აფრასიძეების ოჯახი პროკურატურისგან გამოძიების დაჩქარებასა და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

ახლა კი ვნახოთ, როგორ იხსენებს მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ლედი აფრასიძე, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, იმ დროს 7 წლის გახლდათ.


– ლედი, როგორც ვიცით, ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდათ, ასეა?


– დიახ, გიდასტურებთ, რომ ექსჰუმაცია ნამდვილად ჩატარდა. ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ. ცხედრები ეცერიდან თბილისში გადმოასვენეს. ექსპერტიზის დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვისაც უცნობია, თუმცა ცხადია, რაღაც ტიპის ინფორმაციები გვაქვს. მთავარია, რომ ეს ექსპერტიზა ნათელს მოჰფენს რეალობას, როგორ და რამდენად სასტიკი მეთოდებით მოხდა ყველაფერი.


– თქვენ მაშინ ბავშვი იყავით, თუმცა ცხადია, გემახსოვრებათ, როგორ განვითარდა მოვლენები 2004 წლის 24 მარტს... შეგიძლია, ის დღე გაიხსენო?


– დიახ, მაშინ 7 წლის ვიყავი და ჩემი ასაკის მიუხედავად, ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. სპეცოპერაციის დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი სახლში. მე და ჩემს ძმებს (სამი ძმა მყავს) გვეძინა. სადღაც გამთენიისას მოულოდნელად ატყდა საშინელი სროლა ჩვენი სახლის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. სროლის ხმაზე ყველას გაგვეღვიძა. მამაჩემმა ბავშვები ლოგინის ქვეშ შეგვყარა, რომ ტყვიები არ მოგვხვედროდა. ამ დროს წვიმასავით მოდიოდა ტყვიები. დღემდე ჩამესმის ბაბუაჩემის ხმა... ის აივანზე გავიდა, ყვიროდა და სთხოვდათ, სროლა შეწყვიტეთ, სახლში ბავშვები არიანო. მას თან ახლდა ჩემი 12 წლის ძმა. ამ დროს ბაბუაჩემი სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც ჩემი ძმის მიმართულებით გააგრძელოს სროლა. ომეხმა და გოჩამ როგორღაც მოახერხეს, რომ სახლში შემოეყვანათ. ბაბუაჩემი დაჭრილი იყო, როცა სახლს ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად დაწვეს. მე ჩემი ხელებით ვაკავებდი დედაჩემს, რომ ცეცხლწაკიდებულ სახლში არ შევარდნილიყო, რადგან იქ მას ჩემი ძმა ეგულებოდა. ეზოში მდებარე ორივე სახლი დაცხრილეს და მთლიანად გაანადგურეს. მცირედითაც კი არ დაგვინდეს. მათი მიზანი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად გავენადგურებინეთ, მთელი ოჯახი დავხოცილიყავით, რადგან ასე უფრო მარტივად დააბრალებდნენ აფრასიძეებს ყველა იმ გაუხსნელ საქმეს, რომელიც მაშინ არსებობდა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამაყობდა კიდეც, რომ თავად გასცა აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება. მათი მიზანი იყო, ყველა იმდროინდელი გახმაურებული საქმე ჩვენი ოჯახისთვის დაებრალებინათ და, ასევე, ძალის დემონსტრირება მოეხდინათ. მათ ამით ყველას აჩვენეს, რომ არავის დაინდობდნენ და ნებისმიერს ასე გაუსწორდებოდნენ. შიშის სინდრომის დათესვა საზოგადოებაში სწორედ ჩვენს თავს დატრიალებული ამბით დაიწყეს.


– თუმცა იყო ვერსია, რომ სპეცდანიშნულების რაზმს ცეცხლი პირველად სახლიდან, აფრასიძეებმა გაუხსნეს?


– ეს არის სრული აბსურდი. ეს ვერსია იმისთვის მოიგონეს, რომ როგორღაც გაემართლებინათ ეს ვანდალიზმი. სინამდვილეში სახლიდან არანაირ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ამის მცდელობაც კი არ ყოფილა. პირიქით, ბაბუაჩემი ეხვეწებოდათ, სროლა შეეწყვიტათ, სახლში ბავშვები არიანო.


– ვინ იყო უშუალოდ პასუხისმგებელი ამ სპეცოპერაციაზე?


– ეს არ იყო სპეცოპერაცია, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ოჯახის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ომი. გვესროდნენ მიწიდან, ჰაერიდან... ამ ყველაფერს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე მეთაურობდა, რომელიც დღეს გამოდის და ამბობს, რომ თითქოს აფრასიძეები კრიმინალები იყვნენ. რეალურად, კრიმინალი არის ის, რაც მათ ჩემს ოჯახს დამართეს. მათ დაცხრილეს სახლი, სადაც უდანაშაულო მცირეწლოვანი ბავშვები ვცხოვრობდით. თუ მათი მიზანი ომეხის დაკავება იყო, რატომ არ გააკეთეს ეს ჩვეულებრივ, როგორც ხდება ხოლმე. არიან თვითმხილველები, რომლებიც პირადად შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ გზაზე ბორკილდადებული ომეხი, რა დროსაც ის დაცხრილეს. წარმოგიდგენიათ?! ბორკილდადებული ადამიანი დახვრიტეს, ის ხომ წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა. ჩემი ძმა არის თვითმხილველი, როგორ მოგლიჯეს ყელსაბამი უკვე გარდაცვლილ ომეხს. მკერდზე ფეხი დააბიჯეს და ისე მოაგლიჯეს ყელიდან, რის შემდეგაც თითი მოაჭრეს, რადგან ბეჭედს ვერ აძრობდნენ. ამ ყველაფერს ჩემი არასრულწლოვანი ძმა საკუთარი თვალით უყურებდა.


– გია ბარამიძე რომ უშუალოდ სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა, ეს როგორ დასტურდება?


– მესმის, რატომაც მეკითხებით. თვითონ ამბობს, რომ ვითომ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. არ რცხვენია, ამას რომ აცხადებს?! არსებობს კადრები, სადაც ნათლად ჩანს სწორედ ბატონი ბარამიძე, რომ აღარაფერი ვთქვათ მოწმეებზე. ჩვენ ის საკუთარი თვალით ვნახეთ. ის ცეცხლწაკიდებული სახლის წინ იჯდა, სახლის, სადაც ბაბუაჩემის ცხედარი იწვოდა და ამ დროს ის გამვლელ ქალებს კუბდარებს სთხოვდა. გამოდის და გაუგონარ დანაშაულებს აბრალებს დღეს ჩემს ოჯახს, რისი ერთი მტკიცებულებაც კი არ გააჩნია. თავიდან თითქოს ადამიანების გატაცებას ედავებოდნენ ჩემებს, ამ მიზნით სამარხებიც კი ამოთხარეს და საბოლოოდ მე-17 საუკუნის ძვლები შერჩათ ხელში. როდესაც მიხვდნენ, რომ ამ გატაცებებთან და მკვლელობებთან ჩემს ოჯახს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მამაჩემი და ბიძაჩემი, გოჩა და შმაგი აფრასიძეები სრულიად სხვა მუხლით გაასამართლეს.


– ფსიქოლოგიურად, ან თუნდაც მატერიალურად რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი? ოჯახის ორი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაიჭირეს... როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება ამის შემდეგ?


– ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. მთელი ოჯახი ამომიხოცეს, ვინც ცოცხალი დარჩა, დაიჭირეს, მამაკაცებს ვგულისხმობ. დედაჩემს ამის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და დღემდე მკურნალობს. რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ჩვენ მას შემდეგ სახლი აღარ გვაქვს, მთლიანად გადაგვიწვეს ყველაფერი. წლების განმავლობაში ნათესავები გვეხმარებოდნენ. პრაქტიკულად, ბებია იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად შრომა შეეძლო. ის ერთადერთი გვარჩენდა ოთხ არასრულწლოვან ბავშვს. თქვენ წარმოიდგინეთ სკოლაში სიარულის საშუალებაც კი აღარ გვქონდა. მათ მოგვისპეს ყველაფერი. წაგვართვეს ბავშვობაც და ოჯახიც. და ამ ყველაფრის ფონზე, წლების განმავლობაში ეწეოდნენ ჩვენი ოჯახის დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს ავრცელებდნენ ჩვენს შესახებ. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა.


– ათი თვეა დარჩენილი ამ საქმის გასახსნელად, შემდეგ კი ხანდაზმულობის ვადაც იწურება... ჩვენი ინფორმაციით, საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა და ის მალე გახსნილად გამოცხადდება... თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?


– ჩვენ უკვე 6 წელია, ამ დღეს ველოდებით. ყველანაირად ხელს ვუწყობდით გამოძიებას. იმაზეც კი დავთანხმდით, რომ ცხედრებს ექსჰუმაცია ჩატარებოდათ. დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავეები მალე პასუხისგებაში მიეცემიან, თუმცა ვფიქრობ, 6 წელი ძალიან დიდი დროა, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ხელისგულზე დევს. დროა, გამოძიებამ თავისი სათქმელი თქვას.


– კონკრეტულად ვის დასჯას ითხოვთ?


– ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება უშუალოდ სააკაშვილი, ბარამიძე, ორივე ერთად, თუ კიდევ სხვები... პასუხი უნდა აგონ ბრძანების გამცემებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენი ოჯახის განადგურებაში მიიღეს მონაწილეობა.


„პრაიმტაიმი“ ამ თემაზე გია ბარამიძესაც ესაუბრა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ბარამიძე ამბობს, რომ სპეცოპერაცია კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ კანონის სრული დაცვით ჩატარდა, დღევანდელი ხელისუფლება კი ამ საქმეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.


– ბატონო გია, ჩვენი ინფორმაციით, აფრასიძეების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ და როგორც გავიგეთ, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა... რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?


– დიდი ხანია, მოვითხოვ, რომ, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს ამ საპოლიციო ოპერაციასთან დაკავშირებით, დამიბარონ დაკითხვაზე და მზად ვარ, ჩვენება მივცე. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს გამოძიება. მიუხედავად ჩემი არაერთგზის მოთხოვნისა, რომ, თუ გჭირდებათ რაიმე ინფორმაცია, მზად ვარ დეტალურად მოვყვე ყველაფერი, არცერთხელ არ გამოვუკითხივარ საგამოძიებო უწყებას. მზად ვიყავი დეპუტატის იმუნიტეტიც კი მომეხსნა, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. რეალურად, ეს ადამიანები იყვნენ ძალიან საშიში დამნაშავეები. მრავალი ადამიანის დამყაჩაღებლები და მკვლელები. ეს იცის ყველამ, განსაკუთრებით სვანეთში. თუ ვინმე ჰყავთ მოკლული, ძირითადად ისევ სვანები... სამი ადამიანი, ვინც სპეცოპერაციის დროს დავაკავეთ, სასამართლოს მიერ მკვლელობებზე გასამართლდნენ. ის ორი ადამიანი კი იმიტომ გარდაიცვალა, რომ მათ პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სპეცრაზმელებს. ვერტმფრენები ჯერ კიდევ მიწაზე არ იყვნენ დამჯდრები, რომ ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით ესროდნენ. სპეკულაციები იმის შესახებ, რომ პოლიციამ რატომ ისროლა, როცა სახლში ბავშვები იმყოფებოდნენ, გაუგებარია. რატომ გახსნეს ცეცხლი სახლიდან, სადაც ბავშვები იყვნენ? ეს კითხვა, პირიქით, ამ კრიმინალების მიმართ ისმის. ეს სპეკულაციები წლებია, გრძელდება და, ჩემი აზრით, პროკურატურა სპეციალურად არ იძიებს ამ საქმეს, რომ ეს სპეკულაციები გაგრძელდეს.


– ასე ვეღარ გაგრძელდება, რადგან სულ მალე საქმეს ხანდაზმულობის ვადა ეწურება და, შესაბამისად, პროკურატურას მოუწევს საბოლოო სიტყვის თქმა...


– პირიქით, საქმეს არ დაამთავრებენ, იტყვიან, რომ ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა და დაუსრულებელი სპეკულაციების მიზნით, ამ საკითხს დატოვებენ ღიად. ჩემი აზრით, ამ საქმეს წერტილს შეგნებულად არ დაუსვამენ, არ იტყვიან, რომ პოლიციას იქ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. საუბარი ძირითადად რაზეა – რატომ ისროლა პოლიციამ ხომ? ისროლა იმიტომ, რომ პოლიციას ესროლეს.


– რამდენად პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული? რა საჭირო იყო ავიაციისა და ასეულობით სპეცრაზმელის მობილიზება?


– ვინმემ კანონით განსაზღვრა, შეიარაღებული დამნაშავეების დასაკავებლად რამდენი პოლიციელი უნდა იყოს ადგილზე?! რას ჰქვია პროპორციული. მაგალითად, ჩატაევს რომ ცეცხლი გაუხსნა ჩვენმა სპეცრაზმმა, პროპორციული არ იყო? ისინი ესროდნენ და სპეცრაზმმაც კანონიერად გაუხსნა ცეცხლი.


– გასაგებია, მაგრამ იქ ხომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ... ამ დროს კი ვერტმფრენებიდანაც კი ბომბავდნენ სახლს...


– აი, ეს არის აბსურდი. თქვენც კი შეცდომაში ხართ შეყვანილი. ვერტმფრენებიდან არანაირ დაბომბვას ადგილი არ ჰქონია.


– ბატონო გია, ეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო...


– არა, სააკაშვილს მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, ვერტმფრენი კინაღამ ჩამოაგდეს. ის იყო სამგზავრო ვერტმფრენი და მას დაბომბვის შესაძლებლობები ისედაც არ გააჩნდა. ამას იძახიან იმიტომ, რომ ამ მკვლელებისგან შექმნან მამა აბრამის ბატკნები და წარმოაჩინონ უდანაშაულო ადამიანებად. იქ, რომ ამ ადამიანების ლიკვიდაცია ყოფილიყო ამოცანა, ვინ შეგვიშლიდა ხელს, რომ იმ ორი ძმის ლიკვიდაციაც მომხდარიყო?! იქ იყო ასობით დაუინტერესებელი პოლიციელი, მათზე დღეს მე, ან სააკაშვილს ხომ არ აქვთ ზეგავლენა. აი, ეს ხალხი ერთდროულად გაგიჟდა და უდანაშაულო ხალხი დახოცა სრულიად უმიზეზოდ? ეს ხომ აბსურდია?! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იქ პოლიცია მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ღმერთს, რომ პოლიციელები არ დაიღუპნენ. ამის ალბათობა მაღალი იყო, როდესაც ვერტმფრენს ესროლეს და მფრინავის, შამილ ქორქოშაძის დამსახურებით ეს ადამიანები გადარჩნენ. ამის გამო, ქორქოშაძეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორდენიც კი მისცა. ჩვენი ბრალია, რომ თავის დროზე არ ვპასუხობდით ამ ჭორებსა და სიბინძურეებს.


– „მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების“ – ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია... ანუ გამოდის, რომ მიზანი აფრასიძეების განადგურება იყო, თქვენი კი ამბობთ, რომ ლიკვიდაცია თვითმიზანი არ ყოფილა და სპეცრაზმმა მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნა?


– აქ საუბარია არა ფიზიკურ განადგურებაზე, არამედ ბანდიტიზმის, როგორც დანაშაულის, განადგურებაზე. მაშინ, რა გამოდის, სპეცრაზმმა არ შეასრულა პრეზიდენტის ბრძანება, როცა ამავე სპეცოპერაციის დროს აფრასიძეების ოჯახის ორი წევრი და მათთან დაკავშირებული კიდევ მესამე პირი ცოცხლად აიყვანა?!


– იგივე განცხადებაში სააკაშვილი ამბობს, ჩემი ბრძანებით ვერტმფრენებიდან გაიხსნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებითო... თქვენ კი ამბობთ, რომ ვერტმფრენიდან სროლა არ ყოფილა...


– არ მახსოვს, რომ ასეთი რამ პრეზიდენტ სააკაშვილს ეთქვა. კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ამ ვერტმფრენებს არანაირი რაკეტები არ ჰქონია. ვიცი, რომ დაკითხული ჰყავთ უამრავი სპეცრაზმელი, ჰკითხონ მათ. რა უნდა ამის გარკვევას. ძალიან ადვილად დასადგენია. სწორედ ამიტომ არ იძიებენ ამ საქმეს, რომ უნდათ ასეთი ჭორებით შეინარჩუნონ ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პოლიტიკური ფაქტორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ რამეს სააკაშვილი არ იტყოდა და თუ თქვა, ეს არის შეცდომა. მაშინ რა გამოდის, პოლიციამ პრეზიდენტის ბრძანება არ შეასრულა და სამი ადამიანი ცოცხლად აიყვანა?!


– პრინციპში, ნაწილობრივ შეასრულა კიდეც... ორი ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა ხომ?..


– ნაწილობრივ შესრულება შესრულება არ არის. სიტყვა ნაწილობრივი ნიშნავს, რომ არ შესრულდა. და ვერც შესრულდებოდა, ვინაიდან ასეთი ბრძანება არ ყოფილა.




primetime.ge



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930