31-12-2020
აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს - ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის.
„დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამხრეთის გაზის დერეფნით, საქართველოს გავლით ევროპაში შაჰ - დენიზის გაზის მიწოდების დაწყებას.
„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ენერგოდერეფნის მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. 1 წლის წინ იყო ტრანსანატოლიური მილსადენის ინაუგურაცია და ახლა სახეზეა პროექტის ლოგიკური დასასრული - ბუნებრივი აირი კავკასიიდან მიეწოდება ევროპას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.