გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
"კალაძემ ახლა რომ დაიწყოს ჭიდაობა ივანიშვილთან, გაისრისება”

23-04-2018

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.


– ბატონო თორნიკე, “ოცნების” შიგნით სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბება. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ “ოცნება”, როგორც მოქალაქეთა კავშირი, ისე გაქრება პოლიტიკური არენიდან. ასეა?


– არჩევნებამდე არა მგონია, გაქრეს. იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ უმრავლესობა პარლამენტში და ამიტომაც შენარჩუნდებიან. ისინი გარედან სერიოზულ საფრთხეს ვერ ხედავენ, ამიტომაც საკუთარ თავს მისცეს იმის უფლება, რომ ერთმანეთს დაერიონ, თორემ საფრთხე რომ იყოს გარედან, მაშინ ამას არ იზამდნენ.


– ძალიან მიუშვა პროცესები ივანიშვილმაო. თქვენც ასე ფიქრობთ?


– როგორც ჩანს, მართლაც ძალიან მიუშვა კონტროლი ივანიშვილმა და რადგან მიუშვა, შიგნით გაჩნდა კონკურენტი ჯგუფები. გამოიკვეთა ერთი ჯგუფი, რომელიც კალაძესთან არის ახლოს, იქ კიდევ სხვა ჯგუფებიც არის. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის. კომიკურია ეს პროცესები. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი რა არის გასაყოფი, რომ ვეღარ გაიყვეს.


– “ოცნება” ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ რეალობას?


– საერთოდ, საპარლამენტო უმრავლესობა დიდი ინტელექტუალებით ვერ გამოირჩევა. საოცრებებს გაიგონებ ხოლმე “ოცნების” რიგებიდან. მათი უმრავლესობა არის საქართველოს მოსახლეობის საშუალოზე დაბალი ინტელექტის. ეს სამწუხარო რეალობაა და ეს არის ძალიან ცუდი.


– იყო მოლოდინი, რომ უმრავლესობის შეკრება გაიმართებოდა, სადაც ბიძინა ივანიშვილსაც ელოდნენ, თუმცა ეს შეკრება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ივანიშვილი ყოჩად არ გვჭირდებაო, ზაზა პაპუაშვილმა თქვა. რაშია საქმე, რა დაემართა “ოცნებას”?


– პაპუაშვილმა იყოყლოჩინა, იმდენად მაგრები ვართ, ყოჩები აღარ გვჭირდებაო. თუმცა მათ ჩემზე კარგად იციან, რომ რასაც ივანიშვილი იტყვის, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება! ივანიშვილი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ ერევა და ამ ეტაპზე არ უნდა ჩაერიოს, რადგან პიკს მიაღწია დაძაბულობამ, ასე ღიად გამოჩენა არ სურს, უნდა, რომ შორიდან დაალაგოს და დაწმინდოს სიტუაცია.


– გამარჯვებულის მხარეს დაიჭერს ივანიშვილი?


– არა მგონია, მან ასე ღიად ვინმეს გაამარჯვებინოს. ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშემ ვერც ერთი ფრთა ვერ გაიმარჯვებს. როგორც ჩანს, ივანიშვილს პენსიაზე გასვლა უნდა, აღარ სურს, ერეოდეს მსგავს საკითხებში, “ოცნებისგან” აშკარად დაიღალა, თუმცა ისიც უნდა, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მას ჰქონდეს ვეტოს უფლება. ამ პროცესს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს და მსგავს კინკლაობაში არც ჩაერევა და შორიდან მიანიშნებს, რომ ერთმანეთში კომპრომისი გამონახონ. მით უმეტეს, პარლამენტში “ოცნებას” უმრავლესობა სჭირდება და ასე ვერ დაჭამენ ერთმანეთს. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს.


– მითუმეტეს წინ საპრეზიდენტო არჩევნებია.


– რა თქმა უნდა. არჩევნების წინ “ოცნება” არ დაიშლება. ივანიშვილის ჩარევა ძალიან მკაცრი სიგნალებით დასრულდება. “ოცნების” ყველა წევრი რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. ზოგი ფინანსურად და ზოგს სხვა ვალდებულებები აქვს და ეს თავადაც მშვენივრად იციან. ამ პარლამენტში სუფთა ძალიან ცოტაა. ყველასთვის შეიძლება რაღაცის პოვნა და, შესაბამისად, ყველა მასზეა დამოკიდებული.


– შიდა დაპირისპირებები, დაყოფა ძველებად და ახლებად, ეს ყველაფერი 2020-ს უკავშირდება?


– ნაკლებად. მე მგონი, უფრო უკავშირდება იმას, რომ ახლებს მეტი პრივილეგია აქვთ, მეტი გავლენა და ამით უფრო აიხსნება, ვიდრე მომდევნო არჩევნებზე დარდით.


– არის იმის მოლოდინიც, რომ პარტიიდან დეპუტატების გარიცხვა მოხდეს. ამაზე რას იტყვით?


– ეს რიგითებზე არაა დამოკიდებული. ამას პარტიის ხელმძღვანელობა წყვეტს. ამიტომ ასე მარტივი სათქმელი არ არის, რას გადაწყვეტს ის.


– ანუ საბოლოო წერტილი ივანიშვილმა უნდა დასვას?


– აბა, მის გარეშე ვინ გაბედავს პარტიიდან ამა თუ იმ წევრის გარიცხვას?! ბიძინა ივანიშვილმა რომ სწორედ იმ გარიცხულს დაუჭიროს მხარი, მერე სად მიდიან?! კომედიაა ეს ყველაფერი, ტრაგიკომედია. ასე იფაფხურებენ, იქნება დადგმები, ჩვენ ვნახავთ ბევრ კომედიას, მათ შორის მუშტი-კრივს პარლამენტში და ეს კომედია გაგრძელდება მანამდე, სანამ არ აიძულებენ იმ კაცს, რომ ჩაერიოს.


– “ოცნების” წიაღში ოპოზიციური ძალის აღმოცენების პროცესი ხომ არ მიმდინარეობს?


– არა, კარგით რა, რისი თავი აქვთ, სად წავლენ, ან რა ძალებით და რას დაეყრდნობიან?! ხომ ყველამ ვიცით, “ოცნება” რაზეც დგას, მისი სიძლიერე რა არის?

ერთი კაცის რესურსები და მისი ავტორიტეტი. დამთავრდა, იმის იქით ვინ რას წარმოადგენს საერთოდ?! ერთადერთი, შესაძლოა, კალაძეს აქვს რაღაც შანსები, რომ დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს პროცესიც ჯერ კიდევ ადრეა.


– რატომ არის ადრე?


– მან ახლა რომ დაიწყოს ჭიდაობა ივანიშვილთან, ეს ძალიან ადრეა, უბრალოდ გაისრისება. დანარჩენებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. კალაძეს რაღაც მონაცემი აქვს, დანარჩენებს არანაირი მონაცემები არა აქვთ საერთოდ.


– თავად ივანიშვილი ხომ არ მისცემს კალაძეს ოპოზიციაში წასვლის შესაძლებლობას? სულ იხსენებენ ივანიშვილის ნათქვამს, რომ როცა დრო მოვა, ოპოზიციასაც თავად შევქმნიო. მოვიდა ეს დრო?


– მე ასე არა მგონია. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. მანამდე არანაირი ძვრები არ იქნება.


– მერე “ოცნება” მოიგებს არჩევნებს? მან თავი ამოწურა, ძალიან გაცვდა.


– გაცვდა, მაგრამ ჯერ კიდევ სანამ არსებობს “ოცნება”, ის ოსტატურად ქმნის ბუას სააკაშვილისგან და სააკაშვილიც პრინციპში კმაყოფილია ამითი, იმიტომ, რომ მას თავისი ერთგული ამომრჩევლები ჰყავს და როცა მის დემონიზირებას ცდილობენ, ამითი ხდება მობილიზება, როგორც “ოცნების” ჯერ კიდევ არსებული მხარდამჭერების, ასევე სააკაშვილის მხარდამჭერების, ეს ხდება მაშინვე, როგორც კი სააკაშვილი ხმას ამოიღებს და ამით ორივე მხარე ბედნიერია. რაც უნდა ლანძღონ ერთმანეთი, გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, ეს სტატუსკვო ორივეს აწყობს.


– ანუ 2020-მდე ასეთი სიტუაცია შენარჩუნდება?


– ვნახოთ, რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებში. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაცა კონკურენტი დაამარცხებს “ოცნებას”, მაგრამ რაღაც შეიძლება მოხდეს, რაც ამ ეტაპზე ასე მარტივად არ ჩანს. ეს არჩევნები ძალიან ბევრ რამეს გამოაჩენს.






akhalitaoba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930