7-01-2021
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იუდეველთა და წარმართთა მხოლოდ მცირე ნაწილი მოელოდა ისეთ მხსნელს, როგორზეც წერდნენ წინასწარმეტყველები. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ თავიანთ ცოდვებს და შინაგანად სჭირდებოდათ ცოდვისგან გამომხსნელი. ხოლო იუდეველთა და წარმართთა უმრავლესობა მოელოდა არა სულიერ მეუფეს, არამედ ამქვეყნიურ გვირგვინოსანს, რომელიც მათ ჩაგვრისა და ტირანიისგან იხსნიდა და მათ კეთილდღეობაზე იზრუნებდა. კაცობრიობის დიდი ნაწილი თავს ცოდვილად არ ცნობდა და, ამდენად, არც სულის მხსნელი სჭირდებოდა. სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ როცა მაცხოვარი მოევლინა ქვეყანას, ის ვერ იცნეს და ჯვარს აცვეს.
ქრისტეს შობით იწყება კაცობრიობის ისტორიის ახალი ეპოქა. ქრისტემდე სჯული ბატონობდა ადამიანზე, მას აქეთ კი ადამიანი, პავლე მოციქულის სიტყვით, მადლის მეუფების, ღვთის წყალობის სხივებქვეშ იმყოფება. ამიტომ მაცხოვრის შობა ადამიანისადმი ღმერთის სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა.
ქრისტეს შობის ისტორია
ქრისტეს შობის შესახებ მოგვითხრობენ სახარება და წმინდა საეკლესიო გარდამოცემა.
თოთხმეტი წლის ქალწულ მარიამს მღვდელმთავარმა მეურვედ დაუნიშნა ხურო იოსები, 80 წლის მოხუცებული. იუდეველთა ტრადიციისამებრ, იმისათვის, რომ ქალწულ მარიამს კანონიერი ადგილი დაეკავებინა მეურვის ოჯახში, ის ფორმალურად დაწინდეს იოსებზე. შერთვამდე ქალწული სასწაულებრივად მიუდგა სულიწმინდისგან. იოსები გაოცდა - ეგონა, მარიამმა ქალწულობის აღთქმა დაარღვია. ამის გამხელა არ უნდოდა და გადაწყვიტა, ფარულად გასცლოდა მას. ქალწულმა მარიამმა ხარების დღიდანვე იცოდა, მაცხოვრის მშობელი რომ უნდა გამხდარიყო, მაგრამ უდიდესი სიმდაბლის გამო ამის შესახებ იოსებისთვის არ უთქვამს.
ძილად მისულ ხუროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელ-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან" (მთ. 1:20-21). ანგელოზის ბრძანებისამებრ, იოსებმა წაიყვანა მარიამი და "არა იცოდა იგი" (მთ. 1:25).
რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა სამხედრო და საგადასახადო საქმეების მოწესრიგების მიზნით იმპერიაში საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. იუდეა იმხანად რომის პროვინცია იყო. იუდეველთა წესისამებრ, ყველა უნდა გამოცხადებულიყო იმ ქალაქსა თუ სოფელში, საიდანაც იყო წარმოშობით. რაკი იოსები და ქალწული მარიამი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის დავითის შთამომავლები იყვნენ, დაბა ბეთლემში, დავითის სამშობლოში ჩავიდნენ. აღწერის გამო ბეთლემის სასტუმრო ხალხით იყო სავსე და იოსებმა ადგილი ვერ იშოვა, ამიტომ მარიამთან ერთად თავი შეაფარა ქალაქის განაპირას მდებარე პატარა გამოქვაბულს, რომელშიც მწყემსები ავდარში საქონელს შერეკავდნენ ხოლმე. სწორედ ამ გამოქვაბულში იშვა შუაღამისას მაცხოვარი. ბიბლიის განმმარტებლები გვიხსნიან, რომ ღამე მოასწავებს საიდუმლოს. ქრისტეს შობა ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოა, სასწაულია, რომლის მსგავსი არ იცოდა დედამიწამ. ქალწულმა მარიამმა სასწაულებრივად, უმტკივნეულოდ, უხრწნელად შვა ძე, თვითონვე აიყვანა ხელში, შეახვია წინასწარ მომზადებულ სელის ჩვრებში და ჩააწვინა ბაგაში, საიდანაც პირუტყვი იკვებებოდა. გამოქვაბული ნათლით იყო გაბრწყინებული. მაცხოვარმა შობის დღიდანვე გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი: მთელი სამყაროს შემოქმედმა და მეუფემ საქონლის ბაგაში ჩაწოლა ინება, მიიღო ნებსითი სიღარიბე, ხოლო სელის ჩვრებში რომ გაეხვია, ამით თავისი, როგორც ადამიანის, ღვთის ნებისადმი მორჩილება გვიჩვენა.
მწყემსების გამოცხადება
შობის ღამეს მწყემსებს, რომლებიც ადერის კოშკში იყვნენ დაბანაკებულნი და თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ, ბრწყინვალე გაბრიელი გამოეცხადა. მთავარანგელოზმა მათ მაცხოვრის შობა ამცნო და მისცა ნიშანი - მას შეხვეულს და ბაგაში მწოლიარეს იპოვითო. იმავე წამს მწყემსებმა იხილეს ანგელოზთა სიმრავლე და ესმათ მათი საკვირველი გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2:14). მწყემსებმა სასწრაფოდ მიაშურეს ბეთლემის გამოქვაბულს და იხილეს უდიდებულესი დიდება, ყრმა მაცხოვარი ღმერთად ირწმუნეს და თაყვანი სცეს. ეკლესიის მოძღვრები განგვიმარტავენ, რომ მწყემსებად უნდა ვიგულისხმოთ უბრალო ადამიანები, რომლებიც წმინდა გულით ადიდებენ ღმერთს.
მოგვთა თაყვანისცემა
ქრისტეს შობის დროს, ჰეროდეს მმართველობისას, იერუსალიმში ჩავიდნენ აღმოსავლელი მოგვები (აქ: სწავლულები, მწიგნობრები), რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ასტრონომია. მათ განაცხადეს: იუდეველთა მეუფის ხილვა გვსურს - მისი ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში და თაყვანის საცემად ჩამოვედითო. ჰეროდემ დიდი მეფის შობის ამბავი რომ შეიტყო, შეძრწუნდა. მასთან ერთად შეძრწუნდა მთელი იერუსალიმი. ჰეროდემ უკანონოდ, გაიძვერობითა და ფლიდობით მოიპოვა ტახტი და მისი დაკარგვისა ეშინოდა. ამიტომაც შეაძრწუნა დიდი მეუფის შობამ; იერუსალიმელ
თათვის კი მეფის სახელი დასჯას, სისასტიკეს, სისხლისღვრას უკავშირდებოდა, ამიტომ ახალი მეფის ხსენებაც არ უნდოდათ. ყრმას რომ იპოვით, მეც შემატყობინეთ მისი ადგილსამყოფელი, - სთხოვა ჰეროდემ მოგვებს, - რათა მეც ვეახლო და თაყვანი ვცეო.
მოგვები წავიდნენ. ვარსკვლავი (იოანე ოქროპირის განმარტებით, ეს იყო ანგელოზებრივი ძალა) მათ წინ გაუძღვათ და იმ სახლის თავზე გაჩერდა, სადაც დაბინავდნენ წმინდა იოსები, ქალწული მარიამი და ყრმა მაცხოვარი. მოგვები შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა იესო და ქალწული მარიამი, დაეცნენ მათ წინაშე, თაყვანი სცეს მაცხოვარს და შესწირეს ძღვენი: ოქრო - ვითარცა დიდ მეუფეს, გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს და მური (სქელი სურნელოვანი ზეთი, საცხებელი, რომელსაც აღმოსავლეთის ქვეყნებში მიცვალებულთა დაკრძალვის დროს იყენებდნენ) - ვითარცა მოკვდავს.
შემდგომში მოგვებმა თავ-თავიანთ სამშობლოში იქადაგეს ქრისტიანობა და მოწამებრივად აღესრულნენ. ცნობილია მათი სახელებიც: მელქიორი (სპარსი), გასპარი (არაბი) და ბალთასარი (ეთიოპიელი). ეკლესიის მოძღვრები განგვიმარტავენ, რომ მოგვების სახით მთელი სამყაროს მორწმუნე ინტელექტუალები ადიდებენ და თაყვანს სცემენ ღმერთს.
***
შობა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია. მას მეორე აღდგომასაც უწოდებენ. ეკლესიის მოძღვრები გვასწავლიან, რომ ქრისტიანული დღესასწაული ადამიანის სულის მომზადებაა ზეციური სასუფევლისთვის. შობა დიდებული, საყოველთაო დღესასწაულია და მას განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. მაგრამ ის არ ნიშნავს ზღვარდაუდებელ დროსტარებას ან ჭამა-სმას. შობის ამგვარად გატარება მისი რელიგიური მნიშვნელობის - ადამიანის სულიერი აღდგენისა და განახლების - უგულებელყოფაა და სულიერი სარგებლის ნაცვლად ყალბ ემოციებს სძენს ადამიანს. ესაა შობა ქრისტეს გარეშე, ხორციელი სიხარული სულიერის გარეშე.
ქრისტეშობის დღესასწაული მოციქულებმა დააწესეს, ხოლო IV საუკუნეში, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, - მსოფლიო ეკლესიამაც.
karibcge.ge