18-01-2021
საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ 18 იანვრიდან მეორე სემესტრი დაიწყო.
„ტელესკოლა“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.
გრძელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები.
„ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.
სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკის გაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის. ასევე გრძელდება ინგლისური ენის გაკვეთილები ნებისმიერი ასაკის მაყურებელისთვის.
პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში. მასში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.