21-01-2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების განახლებული ვებგვერდი www.rs.ge მომხმარებელს სრული დატვირთვით მოემსახურება. ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებზე და ბევრად უფრო მარტივია მისი გამოყენება.
ვებგვერდის განახლების პროექტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომლის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით არსებული მომსახურების კიდევ უფრო სრულყოფა და განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის განახლების პროცესი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. საწყის ეტაპზე, განისაზღვრა ვებგვერდის სტრუქტურა, საიტის ერთიანი სტილი და დიზაინი, ხოლო მეორე ეტაპზე - კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ფუნქციონალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ტექნიკურმა გუნდმა სრულად გამართა ელექტრონული სერვისები.
უწყების განახლებულ ვებ-პორტალზე, სრულად შეიცვალა და თანამედროვე ტენდენციებს მოერგო ვებგვერდის დიზაინი და სტრუქტურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მისიისა და საქმიანობისმასშტაბურობის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმალისტურად დაიგეგმა მთავარიგვერდი, სადაც განთავსდაყველაზე ხშირად ძებნადი ინფორმაცია. საკონსულტაციო მონაცემები დაიყო ორ ძირითად ჯგუფად -ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ხოლო გადასახადის გადამხდელთა უკეთ ინფორმირების მიზნით, სპეციალური სივრცე დაეთმო საკანონმდებლო სიახლეებს, რომელთაფილტრაცია მარტივად არის შესაძლებელი. განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს, COVID-19-თანდაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას, ასევე, რეკომენდაციებსა და რეგულაციებსაც სთავაზობს.
შემოსავლების სამსახურის ახალ ვებგვერდზე განთავსდა 200-მდე განახლებული საკონსულტაციო სტატია, რომელთა უმეტესობა, უკვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე. ასევე, განახლდა შემოსავლების სამსახურის საქმიანობასთანდაკავშირებული 300-მდე საკანონმდებლო აქტი და მედია სიახლეების განთავსების არე.
ვებგვერდის სატესტო რეჟიმში მუშაობისას,დაინერგა ახალი საკომუნიკაციო არხი - RS ჩათი, რომლის მეშვეობითაც კონსულტაციის გაწევასრული დატვირთვით უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო უკუკავშირის პროგრამისანალიზს, რომელიც მომხმარებელსსაშუალებას აძლევს დააფიქსიროს მოსაზრებები ვებგვერდისგაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბანკებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ამასთან, პროქტის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.
შემოსავლების სამსახურის განახლებული ვერსიის გაშვებიდან, დღემდე, ვებგვერდს 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო დღიურად, საშუალოდ 65 000 მომხმარებელი სტუმრობს .