27-01-2021
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში, ქ.ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოეხდინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა. აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანიდათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია.
საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.