27-01-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა ,,კვირის პოლიტიკაში" საუბრისას ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყების კრიტიკის არანაირი დასაბუთებული არგუმენტი არ არსებობს.
„ვფიქრობ რამდენად ღირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო იმ უსუსურ და ამავდროულად ძალიან ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც არაერთხელ სცადეს. რეალურად მათ, არავითარი საბაბი არ აქვთ, მე არ ვაძლევ საბაბს არც ოპოზიციას, არც არავის, რომ რაიმე კრიტიკული თქვან და იგონებენ სისულელეებს, სასაცილო ამბებს. მაგალითად, ბოლო ამბავი შეთხზეს და შეთითხნეს პროვოკატორებმა, ანტიეროვნულმა და საეჭვო პოლიტიკის გამტარებლებმა, როგორიც არის ბატონი მელაძე. თქვენს მსმენელს მინდა ავუხსნა, რაოდენ აბსურდულია მათი მცდელობები. ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ თავის მოწონება ან ტრაბახი მინდა, პირიქით - ჩვენ მოკრძალებით, მაგრამ ამავდროულად პროაქტიურ რეჟიმში საზოგადოებას ვაყენებთ მუდმივად საქმის კურსში და ანგარიშებს ვაბარებთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჯარში. ის, რომ ჯარში ამ ერთი წლის განმავლობაში რეალურად გაკეთდა ძალიან ბევრი რამ, რაც არ გაკეთებულა წლების განმავლობაში არცერთი მართველობის დროს, ეს ზედმეტი მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა საქმით და არა მხოლოდ სიტყვით, მე საქმით ვამტკიცებ ამ ყველაფერს.
ჩემი გაცხადებული პოლიტიკა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ სწორედ ამას ემსახურება, რომ ჯარს, რომელიც არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია და საიმედო დასაყრდენი ჩვენი ერის, ხალხის და სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ყველაფერი საუკეთესო. აღარ მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც მე დამხვდა, მაგრამ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სწორედ ამ პოლიტიკას და ლოზუნგს, რომელიც თქვენ თქვით. ამის ფარგლებში მოვაქციეთ ის, რომ დაწყებული ეკიპირებით, დამთავრებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოვაწყეთ და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 250 ობიექტზე დავიწყეთ და უმრავლესობა უკვე დავასრულეთ ჩვენივე ძალებით. ეკიპირება არის აბსოლიტურად თანამედროვე, ნატოს წევრ, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის და სხვა წარმატებული დასავლეთის ევროპის ქვეყნების ჯარების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.