25-04-2018
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის მიერ, „იმედის“ დარბევის საქმეზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„იმედში“ ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოჰყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.
რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის , ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.
მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.
ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება“,-წერს ჟორჟოლიანი.
მთავარმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.