გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: ევროკავშირში საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

9-02-2021

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ფარგლებში გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

აღნიშნულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მან ისაუბრა DCFTA-ის განხორციელების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის, ბაზარზე ზედამხედველობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმებიც.

მოხსენებისას გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად 2020 წელს, კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ექსპორტის ზოგადი შემცირებისა, ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქართულ პროდუქციაზე, როგორიცაა: თხილი, ჩირი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილის წვენები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თევზის ფქვილი და გრანულები, ცხოველების სახლები.

ასევე, ევროკავშირთან წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ამ გაერთიანებაში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგადად ეს გაერთიანება ქართული წარმოების პროდუქციის საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას 65% ეკავა, ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24%-ით გაზრდილია და 89%-ს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930