9-02-2021
„პანდემიური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე 26 პროცენტით გაიზარდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი ჰქონდათ და ფერმერულ გაერთიანებებთან მიზნობრივი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, მათი გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხდეს ახალი პროდუქტების აღიარება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა და მწარმოებელმა ისარგებლოს საქართველოდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელმაც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე პირველად განთავსდა საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტი. ასევე მალე განხორციელდება გერმანიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოში წარმოებული ცხოველთა საკვები - აღნიშნულმა პროდუქტმა ევროკომისიის მხრიდან აღიარება 2020 წელს მოიპოვა.
გენადი არველაძის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი. „2020 წელს 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიუთითებს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ექსპორტიორი და საექსპორტო პროდუქცია ითვისებს ევროკავშირის ბაზარს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი პროდუქტების აღიარების მიმართულებით, როგორიცაა აქვაკულტურა და დედა-ფუტკარი, როგორც ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქცია," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2020 წელს განხორციელებულ რეფორმებს. მისი თქმით, ევროკომისიის წარმომადგენელთა მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, რომ გაგრძელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რათა რეფორმები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.