9-02-2021
„სასტუმროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ჩვენი ახალი, მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ-რეაბილიტაციას, აღდგენის პირობებსა და დახმარებას ტურიზმისთვის. საუბარია ახალ, მიზნობრივ ბაზრებზე, საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყნის ახალ იმიჯზე, ასევე თანამშრომლობაზე ჩვენსა და სასტუმროებს შორის სწორედ ამ ძლიერი მესიჯის ქვეყნის გარეთ გატანასა და ამავდროულად, უსაფრთხოების წესების დაცვაში" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიასთან, კერძოდ, სასტუმროების ადმინისტრაციებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამონაწილეობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
მინისტრის შეფასებით, სასტუმროები ძალიან პასუხისმგებლიანად ეკიდებიან მომავალში ტურისტების მიღებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო კვლავაც არის არამხოლოდ ყველაზე საინტერესო ტურისტული ლოკაცია რეგიონში, არამედ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა და ამისთვის ყველა წინაპირობა გაგვაჩნია როგორც რეგულაციების, ასევე გამოცდილების, კარანტინების მართვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ცოდნის თვალსაზრისით" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სამინისტროში სასტუმროებთან გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.