გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

11-02-2021

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი, პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე.

საბჭოს წევრებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკვე მიღწეული შედეგები შეაჯამეს და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს აკადემიური, სამეცნიერო-კვლევითი და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხების გარშემო.

მიხეილ ჩხენკელმა საბჭოს წევრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების ხედვა გააცნო, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახალი აკადემიური პროგრამების შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია რამდენიმე უნივერსიტეტთან, მათ შორის, რენის უნივერსიტეტსა (საფრანგეთი) და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან (იტალია). შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაჩნდება საერთაშორისო სტანდარტის ახალი აკადემიური პროგრამები სწავლების სამივე საფეხურისათვის. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი პროგრამები მიუნხენის უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ამერიკელ და იაპონელ პარტნიორებთან ერთად შეიქმნება.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ამოქმედებაზე STEM-ის მიმართულებით.

საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩხენკელმა, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების წინაპირობა იქნება.

მხარეებმა შეაფასეს საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს “IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის “IBA” (ბელგია) წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. აღინიშნა, რომ ცენტრის მშენებლობა და განვითარება დასახული გეგმით და ვადების დაცვით მიმდინარეობს.

საბჭოს წევრებმა საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისა და ცალკეული მშენებლობის ეტაპობრივად განხორციელების გეგმა განიხილეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. პირველი სტუდენტების მიღება მოხდა ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. 2020 წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930