გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან

27-12-2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მომავალი წლის გეგმებზეც ისაურა.
პრემიერის განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სივრცითი განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე 9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. 
„2017-2020 წლებში, ჩვენ ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე. პროგრამა ხორციელდება წარმატებით, გეგმის მიხედვით მივდივართ, წელს გეგმაზე ცოტა წინ ვართ. უკვე შენდება 1000-კილომეტრიანი გზა - აქედან, 350 კილომეტრი - ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კილომეტრი რეგიონული მნიშვნელობის გზებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არტერიებია რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს საქმდება ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 
დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სულ რამდენიმე დღის წინ იყო, მოგეხსენებათ, მშენებლობის დაწყების ცერემონია. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება და ჩვენ ვგეგმავთ, 2020 წელს ჩვენ უკვე მივიღოთ დიდი მოცულობის პირველი გემები. ეს არის, დაახლოებით, 500-დან 600 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ხოლო ამ პორტის ზეგავლენა მთლიანად ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი იქნება, ნამდვილად, 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში. 
ასევე, მალე დაიწყება ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის და განვითარების კუთხით. 
ასევე, რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი და ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი სამომავლო სტრატეგია, რომ გადავიტანოთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონში, ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ ბიუჯეტების დაგეგმვისას და უფრო მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს შეიტანს თვითონ რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. 
უპრეცედენტო წელი იყო რთველის მიმართულებით და ჩვენ წელს პირველად გვქონდა რთველი, როდესაც, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის მომყვანი ფერმერები და მეღვინეები შეთანხმდნენ ფასზე. ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად გამოვდივართ სუბსიდირებიდან. ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი ძალიან წარმატებით ვითარდება და ჩვენ ამ დარგში სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ. 143 მლნ ლარი იყო კახეთში მევენახეების შემოსავალი, 5,5 მლნ ლარი იყო რაჭა-ლეჩხუმში და დანარჩენ რეგიონებშიც, ასევე, მნიშვნელოვანი ქართლში და ა.შ. დიდი შემოსავალი მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ კონკრეტულად მეღვინეობიდან. ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც - 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მომავალი წლის გაზაფხულიდან ტყის მასშტაბური აღრიცხვა-ინვენტარიზაცია იწყება, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს დასრულდა მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგადაც, მსოფლიომ საქართველო აღიარა ყველაზე ძველ მეღვინეობის ქვეყნად, მეღვინეობის სამშობლოდ და ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია დასაბუთდა, დამტკიცდა საერთაშორისო მასშტაბით, საერთაშორისო კვლევის შედეგად. 
კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას მინდა შევეხო. 2018 წლის გაზაფხულიდან ჩვენ ვიწყებთ ტყის მასშტაბურ აღრიცხვა-ინვენტარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ჩვენ ვინარჩუნებთ ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა მოსახლეობის საჭიროებაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახდება . 
სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით; მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც, ასევე, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში იწყება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციაც გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. 2017 წლის განმავლობაში ჩვენ „ევროპოლთან“ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. 
სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ, ჩვენი ინიცირებით. დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსურად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კონტექსტშიც და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, არასრულწლოვანთა დანაშაული შევამციროთ და ძალადობა არასრულწლოვანთა შორის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. 
საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო დიდია. ჩვენ მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული. 2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ქვეყანა, საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არ იქნება მხოლოდ რამდენიმე დღით, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, არა მხოლოდ გერმანიის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი ქვეყანა წარვადგინოთ, როგორც, ერთის მხრივ, უძველესი კულტურის ქვეყანა, მაგრამ მეორეს მხრივ დინამიური ქვეყანა, ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვითარებადი კულტურით, მეცნიერებით და სხვადასხვა მიმართულებით და ეს იქნება წარმატების წელი ამ მიმართულებითაც. 
ტურიზმში გვქონდა ძალიან კარგი წელი, 7 მილიონს გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვმა. ტურიზმი რჩება ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად და, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც 2018 წელი იქნება ძალიან წარმატებული. საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობად იქნა მიჩნეული ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველო პირველად გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა. 
2018 წლიდან ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ღიად, ელექტრონული წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები, მხარი დაუჭირონ მათთვის საინტერესო ინიციატივებს და 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, განიხილოს ეს პეტიცია და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ. 
ვეცადე, ძალიან მოკლედ შევხებოდი იმ წარმატებებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. 2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევებიც, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ და ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით ჩვენ მომავალ წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და 2018 წელსაც ერთობლივად მივაღწევთ წარმატებებს. 
2018 წელი მე გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა, ყველა მინისტრს მოვუწოდო, მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მე მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილნი ამისთვის, არამედ ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებებისა და პრობლემების მოსმენა. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს.
2018 წელი, მოგეხსენებათ, საიუბილეო წელია - ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იუბილე და საზეიმო თარიღია და ჩვენ, ერთად, ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ამ იუბილეს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი და 2018 წელი იქნება წარმატებული წელი ყველასთვის. 
მინდა, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ჩვენს კაბინეტში დღეს აღარ არიან და წარმატებები ვუსურვო იმ საქმიანობაში, რასაც მომავალში განახორციელებენ. 
მინდა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს - მთავრობის წევრებს, ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლებს. 
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებისთვის, ყველას გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი და წარმატებული 2018 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“- განაცხადა პრემიერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031