25-02-2021
ქალაქ ონში დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა გიორგი კობერიძემ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის შეწირული მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი აღავლინა. პანაშვიდს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.
დღის მეორე ნახევარში ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა „100 წელი ოკუპაციიდან“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, და ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, ა(ა)იპ ონის ბიბლიოთკის დირექტორმა, პოეტმა ანა ერისთავმა და ა(ა)იპ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა გია ბერიშვილმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების და მისი შედეგების შესახებ.
როგორც ცნობილია, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, რომლის შედეგად დაპატიმრებული, გადასახლებულ ან დახვრეტილ იქნა ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი ათასობით პატრიოტი.
ამ მოვლენების შემდეგ 100 წელი გავიდა, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, თუმცა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ჩვენ კვლავ ვებრძვით ოკუპაციის შედეგებს.
შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი 1921 წლის თებერვლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ახალგაზრდა მკითხველმა ელენე არჩვაძემ ჯემალ იბერიელის ლექსი „საქართველო“ წაიკითხა, დარბაზში მოწყობილ იყო საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო და დოკუმენტური მასალების გამოფენა.
დილიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებული იყო სახელმწიფო დროშა.
საქართველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 26 თებერვალს, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.