გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე: ეს არის ფუნდამენტური და ამბიციური რეფორმა, რომელმაც არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარ სპეკულაციას ბოლო უნდა მოუღოს

2-03-2021

„ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, ამბიციური რეფორმა, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ყოველგვარ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით",- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა იმ ძირითად ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც რეფორმა ითვალისწინებს.
„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის ზრდა, მეორე-საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული ნაწილის დაკომპლექტება პარიტეტული პრინციპით, მესამე- უბნების ავტომატური გადათვლა - 73 ოლქში, ყოველ ოლქში ხუთი უბანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა და გადაითვლება, რაც ჯამში არის 365 უბანი, ანუ, უბნების 10% ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზეც ავტომატურად გადაითვლება. ასევე, მნიშვნელოვნად გამოსწორდა საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ნორმები, ისევე, როგორც აგიტაციასთან დაკავშირებული ნორმები", - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ ოპონენტები სამუშაო პროცესში არ არიან ჩართულები.
„გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ოპონენტები ერთის მხრივ, გუშინდელი შეხვედრიდან გამოვიდნენ კონსტრუქციული მესიჯებით, თითქოს, და დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ პროცესებში იყვნენ ჩართული და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ისინი აყენებენ, ამ საკითხში მიიღონ მათ მონაწილეობა, ნაცვლად ამისა, პარლამენტის შენობასთან საყვირებით მოვიდნენ და ამით გამოხატავდნენ სავარაუდოდ, დიალოგის იმ ფორმას, რომელიც მათთვის მისაღებია",-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ პარლამენტში შემოსვლისა და სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, რომ ის ოთხთვიანი ტყუილი, რასაც ჩვენი ოპონენტები აკადრებენ ქართულ საზოგადოებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამ ოთხთვიან ტყუილთან დაკავშირებით, ბოლოს და ბოლოს რამე მაინც ნახონ თავისი თვალით, აღმოაჩინონ, რამე ფაქტი არსებობს თუ არა და გვაჩვენონ ჩვენ და საზოგადოებას. მოიყვანონ ის 11500 პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი იმ ოქმებზე - ვკითხოთ, ვინმემ დააშინა, მოატყუა, რატომ მოაწერეს ხელი იმ ოქმებს, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ თავად, საბოლოო ჯამში, არ ენდობიან. ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ეს საგამოძიებო კომისია",-განაცხადა დეპუტატმა. შალვა პაპუაშვილმა მიმართა პარტია „მოქალაქეების" წარმომადგენლებსაც და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„განსაკუთრებით მინდა მივმართო პარტია „მოქალაქეებს" - მათ განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ შედიან საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ ჰყავდათ თავად ბევრი დამკვირვებელი ან წარმომადგენელი უბნებზე, თუმცა, ის ფაქტი, რომ არ ჰყავდათ მათ წარმომადგენელი, მათ ხელს არ უშლიდათ 3 თვის განმავლობაში ესაუბრათ არჩევნების გაყალბებაზე და ახლა საქმე საქმეზე რომ მიდგა, რომ ეს გაყალბება ფაქტობრივად დადასტურდეს ან უარყოფილი იყოს, უარს ამბობენ ამ საგამოძიებო კომისიაში შესვლაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ იმ პასუხისმგებლობის ნაწილი, რასაც ჰქვია საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობა და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ საგამოძიებო კომისიაში. ეს კომისია მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და საზოგადოებაში სიმშვიდისთვის, საბოლოო ჯამში უნდა გაირკვეს სიმართლე. სიმართლე არ არის რთული გასარკვევი. ამას სჭირდება დაყრდნობა ფაქტებზე, გულწრფელი განხილვა საკითხების, გამოკითხვა, გადათვლა და სიმართლის დადგენა შესაძლებელია. ამიტომ, პარტია „მოქალაქეებს" განსაკუთრებით მოვუწოდებ, რომ საკუთარი უმოქმედობით ანუ კომისიაში არ შემოსვლით, ხელს ნუ შეუწყობენ და კიდევ ერთხელ ნუ გააღვივებენ უმოქმედობით იმ გარკვეულწილად მღელვარებას, რომელიც არსებობს საზოგადოების ნაწილში",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930