4-03-2021
„დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება. გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განხორციელდა. მათ შორის, ფრენები განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა", „ფლაი დუბაიმ", „ეარ არაბიამ", ხოლო ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა „თურქეთის ავიახაზები", „პეგასუსი", „ყატარის ავიახაზები" - ფრენის სიხშირე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ავიაკომპანია „ვიზეარის" მიერ ფრენების განახლების შესახებ. მისი თქმით, მარტის ბოლოდან „ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს და კვირაში 45 რეისს 20 მიმართულებით გეგმავს.
ნათია თურნავას თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, მარტის ბოლოდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზ ეარ აბუ-დაბი" და ფრენებს შეასრულებს აბუ - დაბი - ქუთაისი - აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.
ნათია თურნავამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ლოუქოსტერის „ბუტა ეარვეისის" მიერ ბაქო - თბილისი - ბაქოს ფრენების დაწყების შესახებ. ასევე განახლდება ფრენები ყაზახეთთან ყაზახური ავიაკომპანიების მიერ.