29-04-2018
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ისთვის "ქართული ოცნების" სათავო იფისში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი აცხადებს, შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, უმრავლესობის ერთ–ერთ წევრს მამუკა მდინარაძეს შემდეგი კითხვით მიმართა:"უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდით?".
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიას დაუბრუნდა.
„ვთხოვე ჩვენი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ქართული ოცნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის პარტიის დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“,– დასძინა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რასაც მოჰყვება ყრილობა, სადაც დელეგატები აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.