16-03-2021
ევროპისაკენ გადასადგმელი ყველაზე ძნელი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ 2024 წლისათვის ჩვენ შევძლებთ, რომ პირობა შევასრულოთ და ოფიციალურად მივმართოთ ევროკავშირს წევრობის განაცხადით, -განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე.
მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გუშინდელი მოლაპარაკებების და დღეს, მოგვიანებით, ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე და ეს ფაქტი შეაფასა როგორც საქართველოს პროგრესი ევროპული ინტეგრაციისკენ, რომელიც ადასტურებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირისათვის.
მისი თქმით, „სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც 7 წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და პირადად განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიის და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.
საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულების მხრივ. რა თქმა უნდა, ევროპისაკენ გადასადგმელი ყველაზე ძნელი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ 2024 წლისათვის ჩვენ შევძლებთ, რომ პირობა შევასრულოთ და ოფიციალურად მივმართოთ ევროკავშირს წევრობის განაცხადით".
გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც, ხალხმა დაუჭირა მხარი და რომელსაც ევროპასთან პარტნიორობით, შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე.
მისი შეფასებით, სწორედ ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართ გამოიჩინა. "გუშინდელი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის იყო შეჯამება ორკვირიანი მოლაპარაკებების, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თბილისში მიმდინარეობდა და, რომელმაც, ზოგიერთი რადიკალური პარტიის მხრიდან ჩაშლის მცდელობების მიუხედავად, გარკვეული პროგრესი განიცადა.
გიორგი ხელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს აუცილებელია ევროპელი პარტნიორების ყველა მოწოდება ადეკვატურად იქნეს გაგებული და შესრულებული ოპოზიციის მხრიდან. „ბოლო თვეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი, შექმნას არასტაბილურობის შთაბეჭდილება და შემდეგ ამით დააშანტაჟოს ჩვენი ხელისუფლება - თითქოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები, კრიტიკულნი არიან მთავრობის მიმართ და მხარს არ უჭერენ საქართველოს.
პრემიერის მიმდინარე ვიზიტი და წინა კვირას „ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ასევე ბრიუსელში შედგა, ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა არა მარტო უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისათვის. დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველო რჩება დემოკრატიის და სტაბილურობის ასევე, რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო ბასტიონად რეგიონში. დღეს არ აროს იმის დრო, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ, რამდენს გაუძლებს საქართველო და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები.
ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზიანებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის ნაწილს" - განაცხადა დეპუტატმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა. „ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს შორის პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ საქართველოს მთავრობას კი არ აწყობს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და პოსტ-პანდემიური კრიზისის უახლოეს თვეებში დაძლევისთვისაა სრულიად აუცილებელი". განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.