16-03-2021
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში მსჯავრდებულ 2 არასრულწლოვანს - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, საბოლოო სასჯელის სახით 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2021 წლის 09 მარტის განაჩენით, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით ბრალდებული ხუთივე პირი - ა. გ., ნ. რ., ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი ინციდენტის გამო შურისძიების და ანგარიშსწორების მიზნით, ვ.ჩ. თანმხლებ პირებთან - ნ.რ-სთან, ა.გ.-სთან, ვ.მ.-სთან, ზ.ხ.-სთან და ა.ქ.-სთან ერთად, ,,ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანით გაემართა მცხეთის მიმართულებით. მცხეთაში ასევე ავტომანქანებით წავიდნენ ნაძალადევში შეკრებილი სხვა პირები.
არაგვის ხიდთან არსებულ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაძალადევის რაიონიდან წამოსული ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ღ.-ს, გ.ქ.-სა და ვ.ა.-ს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და სხვა პირებმა გაქცევით დააღწიეს თავი ძალადობას. ანგარიშსწორება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.
აღნიშნულის შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე და ცდილობდნენ ნაცემი გ.ქ.-ს დახმარებას, ასევე თბილისის მიმართულებით გადაადგილების გაგრძელებას, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ,,ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომანქანამ. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან გინებით გადმოვიდნენ, ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ., ვ.ჩ. და დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, რომლებიც ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი, რომლებიც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სხეულზე მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
2021 წლის 09 მარტის განაჩენით, ჯგუფურ მკვლელობაში მსჯავრდებულ ა. გ.-ს, ნ. რ.-სა და ვ.ჩ.-ს სასჯელის სახით განსაზღვრული აქვთ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ არასრულწლოვან ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს განესაზღვრათ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.