გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America» (აშშ): სერჟ სარგსიანის ვიზიტი-სომხეთი ქართულ ბიზნესს „მეგრის“ თეზ-ში ეპატიჟება

27-12-2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ქართულ ბიზნესს „მეგრის“ თავისუფალი ეკონომიკური ზონით (თეზ) სარგებლობა შესთავაზა. ახალი თეზ-ი სარქისიანის თბილისში ვიზიტამდე 10 დღით ადრე, სომხეთ-ირანის საზღვარზე, სიუნიქის პროვინციაში გაიხსნა.
სომხეთის ტერიტორიაზე რიგით მესამე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, გეგმის მიხედვით, საზღვრისპირა 70 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, აქედან 50 ჰექტარი იმ უცხოური კომპანიებისთვის არის განკუთნილი, რომლებიც სომხეთში საქმიანობას გადაწყვეტენ, დანარჩენ 20 ჰექტარზე კი ლოჯისტიკური, სასაწყობე და საოფისე ინფრასტრუქტურა განთავსდება.
სომხეთი მომდევნო ხუთ წელიწადში „მეგრიში“ ირანიდან, თურქმენეთიდან, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა (EEU) და ევროკავშირის ქვეყნებიდან 120 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდება. ამ მოცულობის კაპიტალდაბანდებით ერევანი თეზ-ში 100 უცხოური კომპანიის შესვლას, 1500 სამუშაო ადგილის შექმნასა და 250 მილიონი დოლარის ღირებულების საექსპორტო საქონელის წარმოებას ელის.
სომხეთის მთავრობა ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონის დატვირთვის კუთხით მეზობელ საქართველოსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თბილისში პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა კერძოდ ბრძანა: „ჩვენ შეხვედრაზე ერთობლივი, სომხურ-ქართული სამრეწველო საწარმოების შექმნასაც შევეხეთ. ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, ახალი თეზ-ი, რომელიც ახლახანს ირანის საზღვართან გავხსენით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ქართული საქონელი საბაჟო გადასახადების გარეშე იგივე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ან ევრაზიული კავშირის ბაზრებზე გავიდეს“.
საქართველოსა და სომხეთს შორის დღემდე მოქმედებს 1998 წელს გაფორმებული ორმხრივი შეთახმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მაგრამ ბოლო წლებია ამიერკავკასიის ორი უძველესი მეზობელი, ფაქტობრივად სხვადასხვა ეკონომიკურ სივრცეში არსებობს.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან (DCFTA) თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაციის (EFTA) ოთხ ქვეყანასთან (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია), თურქეთთან, ჩინეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) რვა წევრთან. სომხეთი კი 2015 წლიდან რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელარუსთან ერთად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. ევრაზიული კავშირის წევრებს საერთო ეკონომიკური საზღვრები და საბაჟო ტარიფები აერთიანებთ, თუმცა ოფიციალურ ერევანს ერთიან საბაჟო ტარიფზე გადასასვლელად ვადა 2022 წლამდე აქვს აღებული, რაც ამ დრომდე საშუალებას აძლევს, იგივე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეინარჩუნოს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად სხვადასხვა ეკონომიკურ სივრცეში არსებობისა, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირი დინამიურად ვითარდება: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, ხოლო სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ამ გარემოებამ ეკონოკირი თანამშრომლბა არანაირად არ შეასუსტა. როგორც ტვირთბრუნვის, ისე ტურიზმის მიმართულებით, ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით მონაცემებს.“
ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, სომხეთს საქართველოსთან დადებითი სავაჭრო სალდო აქვს. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან სომხეთში 188 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთის, 2016 წელს ეს ციფრი - 150 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში, სანამ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდებოდა, ქართული ექსპორტის მოცულობა - შესაბამისად 315 და 288 მილიონ დოლარს შეადგენდა.
სომხეთის იმპორტი 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემით, 260 მილიონ დოლარს აღწევს, 2015 წელს ეს ციფრი - 175 მილიონი იყო, 2016 წელს კი 216 მილიონი აშშ დოლარი.
სომხეთს პირდაპირ არ შეუძლია საქართველოზე ტრანზიტის გზით ევროკავშირის ბაზრებზე საკუთარი პროდუქცია გაიტანოს, თუმცა სომხური კაპიტალით საქართველოში წარმოებულ პროდუქტს ევროკავშირის ბაზრებზე მწვანე შუქი აქვს ანთებული. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მთავარი მოთხოვნებია საექსპორტო პროდუქციის წარმოშობა ქართული იყოს და პროდუქტის თვითღირებულების 40%-ზე მეტი არ იყოს იმპორტირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930