18-03-2021
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის კოდორის ხეობაში, ემზარ კვიციანის განცხადებით, ისევე როგორც ერგნეთი, 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კოდორის ხეობაც ქართველთა და აფხაზთა დამაკავშირებელ ხიდად იქცა, თუმცა ეს არც სააკაშვილს და არც პუტინს არ აწყობდათ.
ამის შესახებ კვიციანმა გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა:
"90-იანი წლების ომის შემდეგ კოდორის ხეობა იქცა აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენის ადგილად, რომელსაც რუსები ვერ აკონტროლებდნენ. განახლდა სავაჭრო ურთიერთობები, ამოქმედდა სახალხო დიპლომატია ისევე, როგორც ერგნეთში.
თქვენ წარმოიდგინეთ, ისე დათბა ურთიერთობები, რომ აფხაზები მაფრთხილებდნენ, როცა რუსები კოდორის ხეობისკენ წამოსვლას აპირებდნენ... რამდენჯერმე, კოდორის ხეობის მკვიდრებს სასწრაფო ოპერაცია სოხუმში გაუკეთეს და ამგვარად გადაარჩინეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობების დათბობა არ აწყობდათ რუსებს.
2006 წლის 13 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს პუტინი და სააკაშვილი. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა კოდორის ბედი - სააკაშვილმა განახორციელა გეგმა, რომელიც ჩემი მეამბოხედ გამოცხადებით დაიწყო და კოდორის ხეობის ჩაბარებით დამთავრდა" - განაცხადა კვიციანმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით