18-03-2021
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge" განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და იაპონურ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge" შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. Red Bridge-ს იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს. 2021 წელს, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan" და „Wine and Gourmet Japan", ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო", რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.
კომპანიასთან „Red Bridge" ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა იაპონიის მასშტაბით ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2020 წელს, იაპონიაში ღვინის 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა.