18-03-2021
ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების შეფასებისას, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
„ეს არის ყველაზე გრძელი, დაახლოებით 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება შესაბამისი, მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზით. ერთობლიობაში, ეს პროექტს გახდის არამხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველს. პროექტზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც ევროკავშირი გვიდგას გვერდში. ამოცანა არის ის, რომ შემდგომში, ჩვენი მწვანე ენერგია, ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით გადაეცემოდეს ევროკავშირს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დასახმარებლად.
„მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მონაწილეობას მიიღებენ არამარტო შესწავლაში, არამედ შემდგომ განხორციელებაშიც და მეტი ევროპული კომპანია ჩაერთვება ამ წყალქვეშა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის პროექტში" - განაცხადა ნათია თურნავამ.