18-03-2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში", ,,ქურდული სამყაროს" წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის" მიმართვასა და მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, ,,ქურდული სამყაროს" წევრებმა - ბ.ქ.-მ, ი.ჩ.-მ, მ.მ.-მ, ლ.დ.-მ და ი.ა.-მ, ,,კანონიერ ქურდთან" - ჯ.კ.-სთან შეთანხმებით, ვ.წ.-ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა" და დააკისრეს თანხის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, ვ.წ.-მ ,,ქურდული სამყაროს" მხარდამჭერის - ა.ს.-ს მეშვეობით თავის მხრივ მიმართა ,,კანონიერ ქურდს" - თ.ქ.-ს. ამ უკანასკნელმა ვ.წ. გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს" წევრის - რ.პ.-ს მეშვეობით გადასცა ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ლ.დ.-ს.
აღნიშნულ საკითხზე შემდგომში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება განიხილეს ,,კანონიერმა ქურდებმა" - ჯ.კ.-მ და თ.ქ.-მ., რომლებიც შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ,,ქურდული სამყაროს" ზემოხსენებულ წევრებს.
აღნიშნული ქმედებისთვის, ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,კანონიერ ქურდობას". ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-ს, ლ.დ.-ს, ი.ა.-ს და რ.პ.-ს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს" წევრობას, ა.ს.-ს კი სსკ-ის 2234-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს" მხარდაჭერას.
სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს" ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ი.ა.-ს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა.ს.-ს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსათვის" მიმართვა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება რ.პ.-ს, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას მხოლოდ რ.პ.-სა და ლ.დ.-ს ნაწილში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.