21-03-2021
საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი, ლევან კენჭაძე, გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში იმ ფრაგმენტს იხსენებს, როდესაც ის რუსთავის "აზოტში" უსაფრთხოების დარგში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მაშინ (2004 წ. რედ.) საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია "იტერა" იყო.
"2004 წლის იანვრიდან აპრილამდე, ჩემთან დადიოდა მერაბიშვილისა და ბეჟუაშვილის ხალხი, მეუბნებოდნენ, დაგვეხმარე, რომ რუსთავის "აზოტი" გავაკოტროთ და მერე ჩვენ ვიყიდოთო!
ინვესტორის გაგდება უნდოდათ, რომ მერე საწარმო ხელში ჩაეგდოთ. როცა ამაზე უარი ვუთხარი, "აზოტში" შემოიყვანეს კეზერაშვილის ფინანსური პოლიცია.
მაშინვე წავედი ზურაბ ჟვანიასთან და ვუთხარი, რას შვრებით, რუსთავში ეს ერთი ქარხანა მუშაობს და ამასაც აჩერებთ, ხალხს მშიერს ტოვებთ-მეთქი?
ჟვანიამ ჩემს თვალწინ დაურეკა ადეიშვილს, რომელიც სწორედ იმ დღეს დაინიშნა იუსტიციის მინისტრად და დედ-მამა აგინა, თქვენ სუყველა ქვეყნის მტრები ხართო, უთხრა!
საბოლოო ჯამში, ადეიშვილმა დაურეკა კეზერაშვილს, გამოდით რუსთავის "აზოტიდანო" და იძულებულები გახდნენ იქაურობა დაეტოვებინათ. ამის შემდეგ ადეიშვილიც, მერაბიშვილიც, კეზერაშვილიც და ბეჟუაშვილიც მე გადამეკიდნენ" - იხსენებს ინტერვიუში კენჭაძე.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით