22-03-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართულ კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, კომისიის პირველი ოლაინ სხდომა გაიმართა.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა ქუჩის“, „სუფთა საწარმოს ეზოს“, „ლამაზი ეზოსა“ და „ლამაზი აივანის“ გამოვლენაა.
„პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მთავარი მიზანი, 2023 წლისთვის, სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. პროექტი მიმართულია საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის მთავარი უფლება - იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ (KGT); საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.