26-03-2021
მიმდინარე წლის 26 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და პარლამენტის წევრებს უმასპინძლა.
სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია სამსახურის განვითარების დინამიკის, სტრუქტურული მოწყობის, შესრულებული სამუშაოების, განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური პროექტების, საერთაშორისო თანამშრომლობის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა კი, წარმოადგინა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივების დეტალური ნუსხა, რომელიც სამსახურს, ვეტერანთა სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქვს მომზადებული და მოიცავს საქართველოს კანონებში, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების პროექტებს, თავისი განმარტებითი ბარათებით, ფინანსური გაანგარიშებებით, დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე.
შეხვედრის ფორმატში, სიღრმისეულად განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებაშიც, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომა და მხარდაჭერა. აღნიშნეს ის საკითხები, რომელთა განხილვაც, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან აქტიურად მიმდინარეობს
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, საზოგადოებაში ვეტერანის ღვაწლის სათანადო დაფასება, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. გაწეული სამუშაოების მიუხედავად, დღემდე არსებობს არა ერთი გამოწვევა სოციალური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური მიმართულებით, რომელთა დაძლევაც, სამსახურის, სახელმწიფოს და მთლიანად, საზოგადოების მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
" გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ადგილზე გავეცანით სამსახურის საქმიანობას, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, სამსახურის განვითარების ხედვას და საჭიროებებს. ვიმსჯელეთ პარლამენტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. ასევე, გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ნაბიჯებზე, თუ რისი გადადგმა არის აუცილებელი ვეტერანების პირობების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. ვეტერანები არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე გამორჩეული და ღირსეული ნაწილი. ჩვენ ვუდასტურებთ მათ სრულ მხარდაჭერას და პატივისცემას." - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
'' სიმართლე ითქვას, ეს ის საკითხია, რომელზეც ვერ წარმომიდგენია, საქართველოში, თუნდაც ყველაზე რადიკალური განწყობის ადამიანს, ჰქონდეს სხვა აზრი. ვეტერანი- ადამიანი, რომელმაც ქვეყნისთვის იბრძოლა, უნდა იყოს ხელის გულზე სატარებელი. ეს აბსოლუტურად ყველას ვალია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში ხარ, ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."- აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
" ჩვენ მოვაწყვეთ ფართო პრეზენტაცია, სამართლებრივი აქტების, რომლებიც განსახილველად არის გადაგზავნილი... ეს ყველაფერი მიმართული იყო ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და რაც უმთავრესია, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ჩართვის, მოღვაწეობის და ამ ქვეყნის გაძლიერებისათვის. მე მადლიერება მინდა, გამოვხატო კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის მიმართ, ჩემი თანამებრძოლების, ღირსეული კაცების და ქალების მიმართ, ვინც წარმოადგენენ საქართველოს ვეტერანების დიდ ოჯახს." - აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები: მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების დეპარტამენტების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, კომიტეტის წევრები: რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ბაკურ უტარაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო კახაძე.