30-03-2021
„რამდენიმე დღის წინ დაინიცირდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ვასრულებთ იმ მემორანდუმის ბოლო პირობას, რომელიც გაფორმდა „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის და რომელსაც შემდეგ შუერთდნენ „ევროპალი სოციალისტები", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, საკონსტიტიცო ცვლილებები ორი მიმართულებით განხორციელდება. „პირველი შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, „ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მანდატი და ისინი წარმოადგენდნენ 14 პარტიას. 31 ოქტომბრის არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში რომ ჩატარებულიყო, მანდატს მიიღებდა მხოლოდ 2 პარტია - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია პოლიტიკური სისტემის პოლარიზაცია პარტიებს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია, კვლავ წავახალისოთ დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიები. 31 ოქტომრის არჩევნები რომ 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებულიყო, 6 სუბიექტი შეძლებდა მანდატის მოპოვებას, რაც აჩვენებს, რომ პარტიული მრავალფეროვნება დაცული იქნებოდა პარლამენტში და, დიდი ალბათობით, მყარი უმრავლესობის ფორმირებაც იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა შეეხება იმას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი დაიწიოს 3 %-მდე. რა თქმა უნდა, შეიქმნება ამ ცვლილებების სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც მზად ვართ, განვიხილოთ სხვა შესაძლებლობებიც, კერძოდ, 3%-ზე უფრო დაბალი ბარიერის დაწესება ისევე, როგორც ამ დაბალი ბარიერის 2024 წლის მიღმა შემოღების შესაძლებლობა, ამისთვის საჭიროა მყარი არგუმენტები და არა ჰაერზე ნათქვამი სიტყვები - 1, 2 თუ 3 % სჯობს. მეორე მიმართულება შეეხება ოპოზიციის როლის გაძლიერებას პარლამენტში. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, მათ შორის, მედიაციის პროცესში და ფასილიტაციის პროცესშიც, რომ ოპოზიციამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაიზიაროს პარლამენტში მუშაობისას, რაც თავის მხრივ, პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება. სწორედ ამიტომ მეორე საკონსტიტუციო ცვლილება შეეხება საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებისთვის 7 წევრის ნაცვლად 4 წევრის არსებობის საკმარისობას. ეს რომ დღევანდელ პარლამენტს მივუსადაგოთ, 9 სუბიექტიდან, ფაქტობრივად, 2 ფრაქციის ფორმირებაა შესაძლებელი ან მაქსიმუმ 3-ის. ეს ცვლილება მოგვცემს შესაძლებლობას, დამატებით 5 ფრაქციის ფორმირება შეძლონ იმ პარტიებმა, რომელთაც 4 %-ზე დაბალი შედეგი აქვთ არჩევნებზე მიღებული. იცით, რომ 9 პარტიიდან 7 სუბიექტს აქვს ეს შედეგი მიღებული. ეს ორივე ცვლილება მოითხოვს ცვლილებას კონსტიტიციის გარდამავალ დებულებებში. იმისთვის, რომ ის მყისიერად ამოქმედდეს, საჭიროა 113 ხმა (3/4). დღეს პარლამენტში 96 დეპუტატი ახორციელებს აქტიურად საკუთარ მანდატს. ამიტომ საჭიროა დამატებით 17 დეპუტატის მიერ მისი მანდატის ატიურად განხორციელება", -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაინიცირებულია საარჩევნო რეფორმის დიდი პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს.
„ჩვენ ველოდებით ახლა ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას ამ პროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს იქნება მზად. პროექტში წინმსწრებად გათავლისწინებულია ბევრი რეკომენდაცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოადგინა ოდირმა", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.