1-05-2018
პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღევანდელი პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ახალი ფორმაციის პოლიტსაბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა.
„სხდომის ფორმატში ვიმსჯელეთ პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე. ცხადია, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილები იქნებიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, ასევე დავით საგანელიძე და მე - კახა კალაძე“,-განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ჩატარდება პარტიის ყრილობა და მას იმედი აქვს, რომ დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს.